თბილისი, 20 მაისი — Sputnik. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2025-2026 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი - საყოველთაო რეგისტრაცია 22 მაისის 09:00 საათიდან დაიწყება და 17 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
2025 წლიდან სურვილის შემთხვევაში, პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ის ბავშვებიც, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ. მანამდე არსებული რეგულაციით, სკოლებში დარეგისტრირება შეეძლოთ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე უსრულდებოდათ.
პირველკლასელთა რეგისტრაცია 4 ეტაპად მიმდინარეობს. I ეტაპი 10-21 მარტის ჩათვლით განხორციელდა. ამ პერიოდში სკოლებში რეგისტრაციის შესაძლებლობა მიეცათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს. II ეტაპი 2 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით გაგრძელდა და სკოლაში დარეგისტრირდნენ ის ბავშვები, რომელთა ან და-ძმა სწავლობს იმავე სკოლაში, ან მშობელია სკოლის თანამშრომელი და/ან ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
III ეტაპი - ეს უკვე საყოველთაო რეგისტრაციაა, რომელიც განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებ-გვერდზე registration.emis.ge. ბავშვის სისტემაში რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა სკოლებში 18 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.
30 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით პერიოდში კი რეგისტრაციის IV ეტაპი დაიწყება– სკოლებში ამ დროს გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა. მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.
პირველ კლასში მოსწავლის ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტებია:
მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;
მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).