თბილისი, 20 მაისი — Sputnik. ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც უპატივცემულობას იჩენენ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობისა და ზოგადად, კანონისადმი, მზად უნდა იყვნენ პასუხისმგებლობის აღებისთვის, რადგანაც კანონის დარღვევა არ შეიძლება გამართლდეს ვინმეს მიმართ პროტესტის გამოხატვით, განაცხადასაპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მახაშვილმა.
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობისთვის სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს გადახდასთან დაკავშირებით ოპოზიციის აზრი გაიყო. დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობას იძიებს, სისხლის სამართლის დანაშაულია.
„რა თქმა უნდა, ეს ამ ადამიანების გადასაწყვეტია - რა სტრატეგიას აირჩევენ და რა დამოკიდებულებას გამოხატავენ საგამოძიებო კომისიის მიმართ. მაგრამ ყველამ უნდა გაიგოს, რომ ისინიც მზად უნდა იყვნენ შესაბამისი პასუხისმგებლობის ასაღებად“, - განაცხადა მახაშვილმა.
კომისიის სხდომაზე არგამოცხადების გამო სასამართლოში გამოძახებული იქნენ: „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები და ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერები ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, „მთავარი არხის“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი და პარტია „ახალის“ ლიდერი ნიკა გვარამია, პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, პარტია „ახალის" ლიდერი ნიკა მელია და თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე გივი თარგამაძე.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მსგავსი დამოკიდებულება როგორც საზოგადოების, ისე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წესებისა და ასევე მთლიანად კანონმდებლობისადმი, ითვალისწინებს შესაბამის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.
„ისინი თუ ამ შედეგებისთვის მზად არიან - ეს მათი არჩევანია, გადაიხდიან თუ არა გირაოს. მაგრამ ფაქტია, რომ ისინი კანონს არღვევენ და ამას გამართლება ვერ ექნება იმ მიზეზით, რომ ვინმეს მიმართ პროტესტს გამოხატავენ", - განაცხადა მახაშვილმა.
დეპუტატისწ თქმით, არსებობს კანონი და არსებობს დადგენილი წესები.
„მათ შეუძლიათ აირჩიონ ის გზა, რომელსაც საჭიროდ ჩათვლიან, იქნება ეს პოლიტიკური თუ სხვა მოსაზრებით, მაგრამ იურიდიული შედეგებისთვის მზად უნდა იყვნენ", - აღნიშნა დეპუტატმა.
სასამართლოს მიერ დაკისრებული გირაო არ გადაიხადა ნიკა გვარამიამ. მისი სასამართლო სხდომა 20 მაისს არის ჩანიშნული. გირაოს გადახდას არ აპირებენ ნიკა მელია და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.
მელია აცხადებს, რომ მას არ შეუძლია კოლეგებს რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდოს, თუმცა, მეორე მხრივ, ხაზს უსვამს, რომ გირაოს გადახდის საკითხი - ეს პრინციპული საკითხია.
„როდესაც ბრძოლაში ხარ - მით უმეტეს, თუ აცხადებ, რომ ეს უკომპრომისო ბრძოლაა - შენი ქმედებებიც ადეკვატური და მიზანშეწონილი უნდა იყოს. არ შეიძლება შენი სინდისისა და მორალური პრინციპების კომპრომისზე წასვლა“, - განაცხადა მელიამ.
გიორგი ვაშაძე კი თვლის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით აუცილებელია დისკუსია, რადგანაც, მისი თქმით, „არ შეიძლება ყველას ციხეში გაშვება".
რაც შეეხება პარტია „ლელო საქართველოსთვის" ლიდერებს, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ უკვე გადაიხადეს დაკისრებული გირაო - თითოეულმა 50 ათასი ლარის ოდენობით.
14 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა - ოქრუაშვილი სხდომათა დარბაზში დააკავეს.
სასამართლოს თავდაცვის ექს-მინისტრის მიერ გირაოს გადაუხდელობის გამო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით საქართველოს პროკურატურამ მიმართა.
თავად ოქუაშვილის განცხადებით, იგი არ ცნობს როგორც პარლამენტის, ისე კომისიის ლეგიტიმაციას.