თბილისი, 16 მაისი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას მიწვევით, ალბანეთში დაგეგმილ ევროპის პოლიტიკურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
ევროპის პოლიტიკური სამიტი ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში 16 მაისს გაიმართება. ეს რიგით მეექვსე შეხვედრა იქნება, რომლის თემაც არის „ახალი ევროპა ახალ მსოფლიოში: ერთობა - თანამშრომლობა - ერთობლივი ქმედება“.
„დღეს ტირანაში, ალბანეთში იმართება ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეექვსე სამიტი, რომელსაც ესწრება საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე და საგარეო საქმეთა მინისტრი. პრემიერ-მინისტრი გამოვა მრგვალი მაგიდის ფორმატში, რომელსაც ხელმძღვანელობენ გაერთიანებული სამეფოს და ასევე შვედეთის პრემიერ-მინისტრები. თემა შეეხება ევროპის უსაფრთხოებას, ევროპის მდგრადობის გაძლიერებას და ამასთან დაკავშირებით ექნება გამოსვლა საქართველოს პრემიერ-მინისტრს“, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.
რიგით მე-6 კონფერენციაზე 50-მდე ქვეყნის ლიდერები და ევროპული და საერთაშორისო ინსტიტუტების ხელმძღვანელები ევროპის უსაფრთხოებაზე, ეკონომიკურ და ენერგეტიკულ მდგრადობასა და არალეგალურ მიგრაციაზე იმსჯელებენ. სამიტის ფარგლებში ყურადღება დაეთმობა ინოვაციების, ციფრული ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
სამიტი პლენარული სესიით გაიხსნება. დაგეგმილია თემატური დისკუსიები მრგვალი მაგიდის ფორმატით. ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში, რომლის მთავარი თემაა ევროპის უსაფრთხოება და დემოკრატიული მდგრადობა.
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის პლატფორმა 2022 წლის მაისში შეიქმნა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ინიციატივით. გაერთიანებაში შედის ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, ნორვეგია, შვეიცარია, ისლანდია, ლიხტენშტეინი, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი.