მდინარაძე: ზურაბ პოლოლიკაშვილმა ყოველგვარი წითელი ხაზი გადაკვეთა

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას ქართველი დიპლომატი 2017 წლიდან ხელმძღვანელობდა. მას ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ორჯერ მიანდეს.
Sputnik
თბილისი, 15 მაისი — Sputnik. ზურაბ პოლოლიკაშვილი იქნება, თუ თავის პატრონებს დაქვემდებარებული ადამიანი, უნდა იცოდეს, რომ საქართველოს თუ არ მოემსახურებიან, მაშინ საქართველო მათ კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს და დაბლოკავს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
გუშინ, ონლაინ-გამოცემა The Diplomat-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივნის თანამდებობაზე საქართველომ საკუთარი კანდიდატი (ზურაბ პოლოლიკაშვილი) მოხსნა და მხარს არაბთა გაერთიანებული საამიროების კანდიდატს დაუჭერს.
თავად პოლოლიკაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლების მხრიდან მისი კანდიდატურის გაწვევის გადაწყვეტილება მასთან შეთანხმებული არ იყო. „მე არ წარმოვადგენ არც deep states და არც „გლობალურ ომის პარტიას". მე ვარ ქართველი გაეროს მსოფლიო ტურიზმის გენერალური მდივანი“ - ნათქვამია ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულას" მიერ გავრცელებულ ზურაბ პოლოლიკაშვილის განცხადებაში.
„არ მინდოდა, ამ თემას შევხებოდი, მაგრამ (პოლოლიკაშვილმა - რედ.) უკადრებელი იკადრა და ყოველგვარი წითელი ხაზი გადაკვეთა. ეს არის ადამიანი, რომელიც საქართველოს აღარ წარმოადგენს, სამწუხაროდ. ბუნებრივია, ჩვენც ყველას გვიხარია, როდესაც სხვადასხვა უმაღლეს თანამდებობაზე ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები არიან ხოლმე. მაგრამ როდესაც ის საქართველოს აღარ წარმოადგენს, წარმოადგენს თავის პატრონებს“, - განაცხადა მდინარაძემ.
დეპუტატის თქმით, როდესაც საქართველოს სჭირდებოდა უცხოელ პარტნიორებთან პოლოლიკაშვილის როლი, მისი სტატუსი, მისი ჩართულობა, მაშინ ქრებოდა და „ჩნდება მაშინ და ზარებით იკლებს ყველას და ყველაფერს, მათ შორის პრემიერ-მინისტრს, როდესაც მას სჭირდება პერსონალურად“.
როგორც დეპუტატმა განაცხადა, მესამე ვადით პოლოლიკაშვილის არჩევის შანსები ისედაც ნაკლები იყო და ამ ერთპროცენტიანი შანსის გულისთვის, მან უკადრებელი იკადრა.
დღეს აღნიშნულ საკითხზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც ისაუბრა და განმარტა, რომ გაეროში ხელმძღვანელ პოზიციაზე ერთი და იმავე კანდიდატის მესამედ წარდგენა არ ითვლება დემოკრატიულად და არ ყოფილა მესამედ არჩევის პრეცედენტი. მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ „საქართველოს ელჩების დაბარება დაიწყეს კონკრეტულმა სახელმწიფოებმა გაეროს სისტემაში კანდიდატურის მესამედ წარდგენისთვის“.
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UNWTO) – წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა ტურიზმის სფეროში, რომელიც სტაბილური და ყველასთვის ხელმისაწვდომი ტურიზმის განვითარებით არის დაკავებული.
ზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელად პირველი ვადით 2017 წლის მაისში აირჩიეს. მაშინ მადრიდში გამართულ სესიაზე მის კანდიდატურას მხარი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების უმეტესობამ დაუჭირა.
ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კანდიდატი საქართველოდან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელ თანამდებობაზე აირჩიეს.
ქართველი დიპლომატი, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივნის პოსტზე უკვე მეორე ვადით 2021 წელს დაამტკიცეს. მაშინ დაამტკიცეს საქართველოც ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრ ქვეყნად 2021-2025 წლების პერიოდისთვის.
ახალ გენერალურ მდივანს, რომელიც თანამდებობას 2026-2029 წლებში დაიკავებს, ერ-რიადში, UNWTO-ს 26-ე სესიაზე აირჩევენ, რომელიც 7-დან 11 ნოემბრამდე გაიმართება. 160 ქვეყნისგან შემდგარი UNWTO-ს გენერალური მდივანი დაინიშნება დამსწრე სრული წევრების ორი მესამედის უმრავლესობით, საბჭოს წარდგინებით.
კანდიდატი შეიძლება იყოს მხოლოდ UNWTO-ს წევრი სახელმწიფოების მოქალაქეები, კენჭისყრა კი ფარულია. საბჭოს სახელმწიფოების მთავრობები საკუთარ მოქალაქეებს კანდიდატად ოფიციალურად წარუდგენენ.