პარლამენტის შენობაში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად ვიზიტორებს ეზღუდებათ შენობაში შესვლა.
Sputnik
თბილისი, 14 მაისი — Sputnik. დღეს, 14 მაისს საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონეზე იმოქმედებს, ნათქვამია პარლამენტის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი კანონმდებლების წინაშე პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშისა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმის თაობაზე მოხსენებით წარდგება.
„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 14 მაისს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, პარლამენტის შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების აკრედიტებული ჟურნალისტები, არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.
უწყების ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიში მრავლისმომცველია და აღწერს როგორც საპარლამენტო საქმიანობას, ასევე პარლამენტის როლს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით.
პაპუაშვილის მოხსენებას საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები დაესწრებიან. ანგარიშის წარდგენის შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური გამოსვლები იქნება.
ჯერ კიდევ მოქმედი რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ კვირაში პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშსა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას წარადგენს. ანგარიშის წარდგენის შემდეგ კი, სესიაზე პოლიტიკური გამოსვლები იქნება.
ახალი რეგლამენტის პროექტით კი, რომელიც ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია, პარლამენტის თავმჯდომარეს ყოველწლიური ანგარიშის ფარგლებში პარლამენტის სამოქმედო გეგმის წარდგენის ვალდებულება აღარ ექნება.