თბილისი, 13 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი სოფო კილაძე გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის (CRC) თავმჯდომარედ აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად კილაძემ დაწერა.
ბავშვის უფლებათა კომიტეტი (CRC) არის გაეროს ექსპერტთა ორგანო, რომელიც აკონტროლებს და ამზადებს ანგარიშს გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელების შესახებ. კომიტეტი პირველად 1991 წელს შეიკრიბა. 1995 წლიდან კომიტეტის წევრები სამკვირიანი ვადით ყოველ წელს სამჯერ იკრიბებიან.
„წილად მხვდა პატივი, არჩეულ ვიყო გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარედ. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ყველა კოლეგას, რომელმაც ნდობა გამომიცხადა. ამ ურთულეს პერიოდში გავაკეთებ ჩემს მაქსიმუმს მსოფლიოს და საქართველოს ბავშვებისთვის. მიხარია, რომ ჩვენი სამშობლოს, საქართველოს წარმომადგენელს დაეკისრა ეს დიდი პასუხისმგებლობა“, – დაწერა კილაძემ.
სოფო კილაძე 2016–2020 წლებში იყო საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრი საარჩევნო ბლოკ „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოდან“.
გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრად კილაძე 2021 წელს აირჩიეს. არის კომიტეტისა და საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ოფიციალური საკონტაქტო პირი. 2023 წლიდან არჩეულ იქნა ამავე კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტად.
გარდა ამისა, სოფო კილაძე 2023-2028 წლებისთვის არჩეულია რასიზმის და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროსაბჭოს კომისიის წევრად.
იგი არის არაერთი საკანონმდებლო პროექტის ავტორი და ინიციატორი. მათ შორის, მისი ავტორობით და ხელმძღვანელობის ქვეშ, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ბავშვის უფლებათა კოდექსი.