მახაშვილი: არის მზადყოფნა, რომ საქართველო დაუბრუნდეს საპარლამენტო ასამბლეას

მიმდინარე წლის იანვარში ქართულმა დელეგაციამ ასამბლეაში მუშაობაზე უარი თქვა და თავისი დელეგაციის წევრები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან გაიწვია.
Sputnik
თბილისი, 13 მაისი — Sputnik. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ ყველაფერი გაკეთდეს, რათა საქართველო დაუბრუნდეს საპარლამენტო ასამბლეას, განაცხადა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.
მიმდინარე წლის 29 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა ქართული დელეგაციის უფლებამოსილების აღიარებას მისი შეჩერების დათქმით იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეასრულებს პირობებს, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის ვადამდელი არჩევნების დანიშვნას. ამის საპასუხოდ, ქართულმა დელეგაციამ ასამბლეაში მუშაობაზე უარი თქვა და თავისი დელეგაციის წევრები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან გაიწვია.
„PACE-ს პრეზიდენტს სურს, რომ ურთიერთობები მალე აღდგეს და საქართველო დაბრუნდეს ასამბლეაში. მზადყოფნა გამოთქვა, რომ როცა იანვარში განახლდება მანდატი, ამ ეტაპისთვის ყველაფერი გაკეთდეს, რომ ბარიერები მოიხსნას და საქართველო დაუბრუნდეს საპარლამენტო ასამბლეას“, – განაცხადა დეპუტატმა.
როგორც მან აღნიშნა, ქართულმა მხარემ ე.წ. პირობები დააყენა, რისი უკან წაღების შემთხვევაშიც საქართველო მზად არის, საპარლამენტო ასამბლეას დაუბრუნდეს.
„რუსოპულოსმა განაცხადა, რომ ეს არ არის პირობები, ეს არის იდეები და შეთავაზებები. ჩვენი მთავარი სათქმელი იყო, რომ ეს იდეები კი არ არის, გაცხადებული პირობები იყო, რაც რადიკალურმა ჯგუფებმა დააყენეს, ეს იყო საქართველოს მიმართ უსამართლო მიდგომა“, - განაცხადა მახაშვილმა.
ლევან მახაშვილი 11-12 მაისს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძესთან ერთად უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ სამიტზე იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა რიგი ორმხრივი შეხვედრები, სადაც სხვა თემებთან ერთად ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვის საკითხებიც განიხილეს, მათ შორის PACE-ს საქმიანობაში საქართველოს დელეგაციის ჩართულობა-არჩართულობა.
10 აპრილს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია სათაურით „საქართველოში არსებული ვითარება და რეზოლუციის შემდგომი ქმედებები „საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ჯერ კიდევ არარატიფიცირებული უფლებამოსილების არსებითი საფუძვლით გასაჩივრებაზე“. რეზოლუცია მიიღეს 89 ხმით სამის წინააღმდეგ, ხუთმა კი თავი შეიკავა. ასამბლეამ ამ რეზოლუციით დაგმო საქართველოს დელეგაციის უარის თქმა PACE-ში მუშაობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოში სიტუაცია გაუარესებულია.
როგორც მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა განსაკუთრებულ როლს არ თამაშობს, მაგრამ საქართველო რჩება ევროპის საბჭოს წევრად და მზად არის თანამშრომლობისთვის.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ევროსაბჭოს მიერ ქართული მხარის მიმართ გაკეთებული დათქმები აბსურდული, უსაფუძვლო და უსამართლოა. დათქმა მმართველი გუნდის ვადამდელი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით კატეგორიულად მიუღებელია და სცილდება ასამბლეის კომპეტენციას.