დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80 წლისთავი

ილია მეორე: 80 წლის წინ გაღებულმა მსხვერპლმა ყველას უნდა შეახსენოს მშვიდობის აუცილებლობა

როგორც ილია მეორე აღნიშნავს, მეორე მსოფლიო ომის შედეგ დამყარდა მშვიდობა, ქვეყნებს შორის ურთიერთობა და მეგობრობა ახალ საფეხურზე გადავიდა.
Sputnik
თბილისი, 9 მაისი - Sputnik. დღეს, როდესაც მსოფლიო არაერთი ურთულესი გამოწვევის წინაშეა, 80 წლის წინ გაღებულმა უდიდესმა მსხვერპლმა და განსაცდელმა ყველას კიდევ ერთხელ უნდა შეახსენოს მშვიდობისთვის ზრუნვის აუცილებლობა, რათა წარსულის უმძიმესი გამოცდილება უფრო დიდი ტკივილის ფასად არ ექცეს კაცობრიობას, ნათქვამია გამარჯვების დღესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის განცხადებაში.
პატრიარქის განცხადებით, გამარჯვება დიდი მსხვერპლის ფასად იქნა მოპოვებული. შესაბამისად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დამყარდა მშვიდობა და ქვეყნებს შორის ურთიერთობა და მეგობრობა ახალ საფეხურზე გადავიდა.
„ყველას გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავს. ეს დღე თავის თავში აერთიანებს მეორე მსოფლიო ომში მრავალთა მიერ გამოვლენილი საოცარი გმირობისა და შეუპოვრობის ურიცხვ მაგალითს. სწორედ ამ თავდადებამ და, რა თქმა უნდა, უფლის შეწევნამ განაპირობა ბოროტებაზე გაერთიანებული ძალებით გამარჯვება და ამ თარიღის განსაკუთრებულობა ყველასთვის", - ნათქვამია პატრიარქის წერილში.
ამასთან, პატრიარქი ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს გაერთიანების საიუბილეო თარიღს, ვეტერანებს კი ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავს ულოცავს.
„მშვიდობის უზრუნველყოფისთვის შეიქმნა ევროკავშირიც, რასაც 1950 წელს, სწორედ დღევანდელ დღეს, დაედო სათავე. ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს ვულოცავთ გაერთიანების საიუბილეო თარიღს, ხოლო ყველას და, განსაკუთრებით, ვეტერანებს, გამარჯვების ზეიმს. მაშ, ვესწრაფოთ იმას, რაც მშვიდობასა და ერთმანეთის აღმშენებლობას ემსახურება. ღმერთმა დალოცოს საქართველო და მთელი მსოფლიო“, – ნათქვანია ილია მეორის წერილში.
საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ – 9 მაისი ქვეყანაში ოფიციალურად დასვენების დღედ არის გამოცხადებული. მეხუთე წელია თბილისში ომის ვეტერანები, პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები და რიგითი მოქალაქეები 9 მაისს იკრიბებიან არა ვაკის პარკში, როგორც ეს მრავალი წლის მანძილზე ხდებოდა, არამედ ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში (კიკვიძის პარკი). ვაკის პარკში ფართომასშტაბიანი სარემონტო სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასი ადამიანი წავიდა, შინ 300 ათასამდე დაბრუნდა. საქართველოს ათობით ათასი მოქალაქე დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა. მათგან ყველაზე ცნობილია უმცროსი სერჟანტი მელიტონ ქანთარია (1921-1993), რომელმაც 1945 წლის მაისში მიხაილ ეგოროვთან ერთად გამარჯვების დროშა აღმართა რაიხსტაგზე.
დღეისათვის საქართველოში 57 ვეტერანი ცხოვრობს, მათგან 26 - თბილისში.
მეორე მსოფლიო ომი 1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ დასრულდა, 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.