თბილისი, 7 მაისი — Sputnik. ოპოზიციას და მის უკან მდგომ „დიფ სთეითს“ (Deep State) საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საზოგადოების ორად გაყოფა სურს, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს ექს-პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, საზოგადოებას საპროტესტო აქციის გამართვისკენ მოუწოდა. მას მხარი დაუჭირა რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ.
„ეს არის „დიფ სთეითის“ დამოკიდებულება: არაფერი არ უნდა აერთიანებდეს საზოგადოებას - არც თარიღები, არც დღესასწაულები. ეს არის მათი დამოკიდებულება. აქაც - 26 მაისი უნდა იყოს ორად გაყოფილი და საზოგადოება ორად უნდა გაიხლიჩოს. ჩვენ ამის საშუალებას „დიფ სთეითს“ არ მივცემთ. ყველას, ვინც სხვა დაკვეთით შეიძლება მოქმედებდეს, სალომე ზურაბიშვილის ჩათვლით, ვაფრთხილებთ, რომ ფეხი არსად დაუცდეთ“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ადრე ანალოგიური დისკუსია გაიმართა შობასთან და სხვა დღესასწაულებთან დაკავშირებით.
მმართველ პარტიაში Deep state-ს ასევე უწოდებენ „გლობალური ომის პარტიას" - „გლობალური ომის პარტიის" ქვეშ საქართველოს ხელისუფლება გულისხმობს გარკვეულ ძალებს უცხოეთში, რომლებსაც აშშ-ისა და ევროკავშირის პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე პრინციპული გავლენა აქვს. დასავლეთში ამ მტკიცებას შეთქმულების თეორიას უწოდებენ.
საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს სადღესასწაულო ღონისძიებები რუსთაველის გამზირის ნაცვლად ორბელიანის მოედანზე ჩატარდება.
26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.
კულტურის სამინისტროს დაევალა თბილისის ცენტრში მდებარე ალექსანდროვის ბაღში, ორბელიანის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე შემეცნებით-გასართობი სივრცეების მოწყობა. ეს იქნება სპორტული აქტივობების სივრცე, კულტურული აქტივობების თემატური სივრცე, საგამოფენო სივრცე, საბავშვო სივრცეები, ღვინის სადეგუსტაციო და მოსასვენებელი სივრცე, ტერიტორიის გასაფორმებელი დეკორაცია.
ამასთან, კულტურის სამინისტროს დაევალა უზრუნველყოს პრეზიდენტის სასახლესა და მიმდებარე ტერიტორიაზე საზეიმო ღონისძიების 17:10 საათზე დაწყება. აღნიშნულ დროს თბილისსა და ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში საქართველოს ჰიმნი გაჟღერდება.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. თუმცა ხელისუფლება ყოველდღიურად განმარტავს, რომ ეს არ ნიშნავს ევროინტეგრაციის შეჩერებას, მიუხედავად ამისა პროტესტის ტალღა არ წყდება.
4 დეკემბრამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობას და პოლიციას პიროტექნიკას, ქვებს და „მოლოტოვის კოქტეილებს" ესროდნენ, რასაც აქციის მონაწილეთა დაკავებები მოჰყვა. შედეგად, დემონსტრანტებმა ასევე მოითხოვეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვა და აქციის დროს დაკავებულთა გათავისუფლება.
დემონსტრანტების გარკვეული ნაწილი პარლამენტის შენობის წინ დღემდე იკრიბება.