მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ახალი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახდა

ირაკლი კობახიძე პარტიის თავმჯდომარის პოსტზე მეორედ აირჩიეს - მას აღნიშნული თანამდებობა 2021 წლის იანვრიდან 2024 წლის იანვრის ჩათვლით პერიოდშიც ეკავა.
Sputnik
თბილისი, 7 მაისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გახდა.
კობახიძის კანდიდატურას მმართველი პარტიის რიგით მე-9 ყრილობაზე ერთხმად დაუჭირეს მხარი.
მმართველი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა მიმდინარე წლის 25 აპრილს განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის. მისი განცხადებით, საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებს და პოლიტიკაში ოპოზიციის რანგში დაბრუნებას არ აპირებს.
პარტიის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ თანაგუნდელებს ნდობის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა.
„ქართული ოცნების" თავმჯდომარეობა არის დიდი პასუხისმგებლობა და ამასთან ერთად, ბუნებრივია ეს არის ძალიან დიდი პატივი. მხარდაჭერისთვის მინდა თითოეულ თქვენგანს დიდი მადლობა გადავუხადო. მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში თავმჯდომარეობდა პარტიას და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გასულ წელს ჩვენი პარტიის საარჩევნო წარმატებაში",- აღნიშნა კობახიძემ.
მისი განცხადებით, „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც, როდესაც საქმე საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეხებოდა, არასდროს არცერთი ნაბიჯით არ დაუხევია უკან“.
„ქართული ოცნების“ რიგით IX ყრილობა, რომელიც დღეს სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში“ იმართება, თავმჯდომარის არჩევით დაიწყო. ყრილობამ ასევე მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობას.
ირაკლი კობახიძე პარტიის თავმჯდომარის პოსტზე მეორედ აირჩიეს - მას აღნიშნული თანამდებობა 2021 წლის იანვრიდან 2024 წლის იანვრის ჩათვლით პერიოდშიც ეკავა.
ირაკლი კობახიძის ბიოგრაფია
კობახიძემ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და დიუსელდორფის უნივერსიტეტი სამართლის სპეციალობით. მან გერმანიაში სამართლის დოქტორის ხარისხი მიიღო.
არის კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი და 2005 წლიდან კითხულობს ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კობახიძემ 2006 წელს მიიღო სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი დიუსელდორფის უნივერსიტეტში (გერმანია). 2008 წელს გამოსცა სახელმძღვანელო „პოლიტიკურ გაერთიანებათა სამართალი“, 2019 წელს კი „კონსტიტუციური სამართალი“.
კობახიძეცხრა წელი მუშაობდა არასამთავრობო სექტორში, მათ შორის USAID-სა და UNDP-ში. ამ უკანასკნელის დატოვების შემდეგ იგი ოფიციალურად გადავიდა „ქართულ ოცნებაში".
ის ხელმძღვანელობდა საკონსტიტუციო კომისიას, რომელმაც 2017 წელს მნიშვნელოვნად შეცვალა ქვეყნის ძირითადი კანონი. მას ხშირად უწოდებენ საქართველოს ახალი კონსტიტუციის ავტორს.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კობახიძე საარჩევნო სიის მესამე ნომერი იყო. „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ კი პარლამენტის თავმჯდომარე გახდა. 2019 წელს აღნიშნული თანამდებობა თბილისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სკანდალის შემდეგ დატოვა.
კობახიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ 2021 წლის 16 იანვარს აირჩიეს, რასაც წინ უძღოდა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის განცხადება პოლიტიკიდან მეორედ წასვლის შესახებ.
კობახიძე 2024 წლის თებერვალში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდა. კობახიძის მთავრობას 2024 წლის 8 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა ნდობა 84 ხმით 10-ის წინააღმდეგ გამოუცხადა.