თბილისი, 6 მაისი — Sputnik. დმიტრი ტროფიმოვმა განაცხადა, რომ დატოვა საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის უფროსის თანამდებობა.
ტროფიმოვი აღნიშნულ პოსტს 2021 წლის იანვრიდან იკავებდა.
„ქართველების ქვეყანაში ჩემი მოგზაურობა დასრულდა", - დაწერა ტროფიმოვმა სტატიაში „ჩემი საქართველო: სიყვარულის მანიფესტი", რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ Русский клуб-ში გამოქვეყნდა.
თებერვალში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელის შეცვლას გეგმური როტაციის ფარგლებში აპირებდა. ამასთან, აღინიშნა, რომ ტროფიმოვის წასვლა არ უკავშირდება დიპლომატის გაწვევას.
მაშინ რუსეთის საგარეო უწყებაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ დადებითად აფასებენ ტროფიმოვის მიერ თბილისში ყოფნის ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გაწეულ სამუშაოს, მათ შორის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზაციის ხელშეწყობისთვის მის ძალისხმევას.
აღნიშნულ პოსტზე ყოფნის პერიოდში, ტროფიმოვის მიერ გადაიდგა რიგი დადებითი ნაბიჯები. კერძოდ, 2023 წლის მაისის შუა რიცხვებიდან რუსეთმა გააუქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა, ასევე გააუქმა 2019 წელს შემოღებული თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირი ფრენების აკრძალვა.
ამასთან, რუსეთმა საქართველოსთან დიპურთიერთობების აღდგენისთვის მზადყოფნა არაერთხელ გამოთქვა. პასუხად თბილისმა განაცხადა, რომ დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების გარეშე არ აღდგება.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. საქართველომ ის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.
დღეისთვის საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული, რომლებსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი და რუსეთის დუმის ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი მართავენ.
2024 წლის მარტში დიპლომატმა ზურაბ აბაშიძემ პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის პოსტი დატოვა და ეს ადგილი გიორგი ქაჯაიამ დაიკავა. აბაშიძე კარასინთან მოლაპარაკებებს პრაღის ფორმატის დაწყების პირველივე დღიდან, 2012 წლის დეკემბრიდან, „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აწარმოებდა.