თბილისი, 4 მაისი — Sputnik. სტავროპოლის მხარეში ფესტივალი-კონკურსი „ჯარისკაცის კონვერტი“ კვლავ დაბრუნდა, ნათქვამია ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებაში.
ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით, სტავროპოლში შეიკრიბა 150-ზე მეტი შემსრულებელი რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა რეგიონიდან, ასევე ყოფილი სსრკ-ის ქვეყნებიდან - ბელარუსიდან, სომხეთიდან, საქართველოდან, უზბეკეთიდან და ყაზახეთიდან.
„ყველა მონაწილეს საერთო მიზანი აერთიანებს - ომის წლების სიმღერებით ჩვენი წინაპრების გმირობის პატივისცემა და ხსოვნის შენარჩუნება. პატრიოტული სიმღერების XXXII საერთაშორისო ფესტივალი-კონკურსი „ჯარისკაცის კონვერტი“ საზეიმოდ გაიხსნა სტავროპოლის გულში - კომსომოლსკაიას გორაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
წელს კონკურსის გახსნის ცენტრალური თემა იყო გმირობა და სამშობლოს სიყვარული - რუსეთის საუკუნოვანი ისტორია სცენაზე მაყურებლის წინაშე გაცოცხლდა.
გახსნის საზეიმო ცერემონია დასრულდა „ჯარისკაცის კონვერტი - 2025“-ის მონაწილეების წარმოდგენით, რომლებიც სტავროპოლში უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და ბელარუსის რესპუბლიკიდან, ასევე რუსეთის ფედერაციის 15 რეგიონიდან ჩავიდნენ: თათრეთის, დონეცკის, ლუგანსკის, ჩეჩნეთის რესპუბლიკებიდან, კრასნოდარის, სტავროპოლის, ხაბაროვსკის მხარიდან, ასტრახანის, ბელგოროდის, კალინინგრადის, კურსკის, ორენბურგის, ტიუმენის, იაროსლავის ოლქებიდან და ქალაქ მოსკოვიდან.
800 ადამიანისგან დაკომპლექტებულმა ჟიურის შეარჩია 14 კოლექტივი და 14 ანსამბლი, რომლებიც ფესტივალი-კონკურსის გამარჯვებულის წოდებისთვის იბრძოლებენ.
„ეს პირველი წელი არ არის, რაც აქ ჩამოვდივარ და ყოველთვის აღფრთოვანებით აღვნიშნავ, რომ დღეს სტავროპოლში იმართება ასეთი მნიშვნელოვანი ფესტივალი. ეს ჩვეულებრივი ფესტივალი ან შეჯიბრი არ არის - ეს არის მასშტაბური ღონისძიება, რომელიც აერთიანებს ადამიანებს და ქმნის განსაკუთრებულ ერთობას. განსაკუთრებით მახარებს ის ფაქტი, რომ ყოველწლიურად უფრო და უფრო ფართოვდება ფესტივალის მეგობრებისა და თანამოაზრეების საზოგადოება“, - განაცხადა პროექტის საპატიო სტუმარმა, ბელარუსის რესპუბლიკის სახალხო არტისტმა ანატოლი იარმოლენკომ ფესტივალის გახსნაზე.
2025 წლის ფესტივალი-კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში არიან: ჟიურის თავმჯდომარე, რუსეთის სახალხო არტისტი ლევ ლეშჩენკო, ბელარუსის რესპუბლიკის სახალხო არტისტი ანატოლი იარმოლენკო, რუსეთის დამსახურებული არტისტი დენის მაიდანოვი, რუსეთის დამსახურებული არტისტი იუტა, ტელეპროექტ Голос-ის გამარჯვებული ალექსანდრა ვორობიოვა, მომღერალი ტატიანა კურტუკოვა, მომღერალი ST, მუსიკალური პროდიუსერი, ჰოლდინგ „რუსული მედია-ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი ვლადიმირ კისელიოვი, ოლეგ გაზმანოვის ეროვნული პროექტ „Родники“-ის გენერალური პროდიუსერი ელენა ულიანოვა, კომპოზიტორი, საერთაშორისო ფესტივალ „Красная гвоздика“-ს ხელმძღვანელი ანდრეი ბატურინი.
ფესტივალი-კონკურსი „ჯარისკაცის კონვერტი“ 1994 წელს სტავროპოლის ახალგაზრდობის კავშირის მიერ დაფუძნდა, რომელსაც 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში რეგიონთაშორისი კონკურსის სტატუსი ჰქონდა. ფესტივალი აერთიანებს 18-დან 45 წლამდე საუკეთესო შემსრულებლებს და წარმოადგენს მთავარ კონკურსს ვოკალისტებისთვის, რომლებიც ასრულებენ სიმღერებს სამხედრო-პატრიოტულ და სამოქალაქო თემატიკაზე.