თბილისი, 5 მაისი — Sputnik. ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზის 91-ე კილომეტრ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვის მიზეზი გახდა ლენტეხი-ლასდიდის გზაზე, სოფელ ბაბილთან ჩამოწოლილი მეწყერი.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის გია ონიანის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.
სტიქიის ზონაში ასევე იმყოფებიან ცენტრალური საავტომობილო დეპარტამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. მათი ინფორმაციით, სატრანსპორტო მოძრაობისთვის გზა უმოკლეს დროში გაიხსნება.
მეწყერის ჩამოწოლის შედეგად არავინ დაშავებულა.