ჭიათურაში მაღაროს დირექტორის ცემისთვის დაკავებულ მეშახტეებს პატიმრობა შეეფარდათ

სასამართლოზე ბრალდებულების ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის გირაოს ითხოვდნენ
Sputnik
თბილისი, 1 მაისი — Sputnik. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ჭიათურაში შუქრუთის მაღაროს დირექტორზე ფიზიკურად ძალადობისთვის დაკავებულ ოთხ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, იუწყება ქართული მედია.
მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, აჩიკო ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით გუშინ დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
გამოძიების ინფორმაციით, 28 აპრილს ბრალდებულები ჭიათურის მუნიციპალიტეტში, შუქრუთის მაღაროს დირექტორ თენგიზ კობერიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა 43 წლის მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. ექიმების თქმით, პაციენტს თავის ტრამვა და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნებოდა.
პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა.
დაკავებულების ადვოკატები ოთხივე პირისთვის 5000-5000 ლარიან ჯარიმას ითხოვდნენ, ბრალდების მხარე კი პატიმრობას. პროკურორის თქმით, არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის საფრთხე.
გარდა ამისა, დაცვის მხარემ პროცესზე დაკავებულებისთვის 126-ე მუხლის 225-ე მუხლით შეცვლა გააპროტესტა, ვინაიდან ინცინდენტი დაგეგმილი არ ყოფილა და ყველაფერი სპონტანურად მოხდა.
წარდგენილ ბრალს უსამართლო უწოდეს დაკავებულმა მაღაროელებმაც. მათი მტკიცებით, დანაშაული მათ არ ჩაუდენიათ, მომხდარი კი მათ აქციებში მონაწილეობას უკავშირდება.
ჭიათურაში მანგანუმმომპოვებელი "შუქრუთისა" და "კოროხნალის" შახტების მუშაობა წელიწადზე მეტია პარალიზებულია. 28 თებერვლიდან ათობით მაღაროელი აქციას მართავს და ითხოვს, სახელმწიფომ მანგანეზის მომპოვებელ კომპანია "ჯორჯიან მანგანეზთან" დასაქმებულებისა და ადგილობრივების უფლებები დაიცვას.
მოსამართლემ გაითვალისწინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ოთხივე დაკავებული პატიმრობაში დატოვა.
მომდევნო სასამართლო პროცესი ქუთაისში 19 ივნისს გაიმართება.