იმერეთში სამი ნარკორეალიზატორი დააკავეს, მათ შორის ერთი ქალია

დანაშაული 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 1 მაისი — Sputnik. სამართალდამცველებმა იმერეთში სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკი 48-დან 49 წლამდეა, არის წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირიც.
დაკავებულებს საგამოძიებო უწყება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების მცდელობას ედავება.
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი, ავტომობილისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი" და „ალფა-პვპ" ამოიღეს. ასევე ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 19-260-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.