ფაშისტურ რიტორიკას მიუახლოვდა - პაპუაშვილი ევროპარლამენტარის განცხადებაზე

ევროპარლამენტის დეპუტატმა რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა, რომ „ევროპის კარი იხურება, მაგრამ ეს თავად ქართველების ხელით ხდება, იმათი ხელით, ვინც „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცა“.
Sputnik
თბილისი, 1 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ლიეტუველი ევროპარლამენტარის, რასა იუკნევიჩიენეს განცხადებები ფაშისტურ რიტორიკას შეადარა და ბრიუსელს მოუწოდა, შეწყვიტოს სახიფათო ტენდენცია, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიის და ადამიანის ღირსების პატივისცემის პრინციპებსა.
პაპუაშვილმა გამოაქვეყნა პოსტი იუკნევიჩიენეს ციტატებით, ერთ-ერთში ევროპარლამენტარი ამბობს: „ევროპის კარი იხურება, მაგრამ ეს თავად ქართველების ხელით ხდება, იმათი ხელით, ვინც „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცა“. ის ასევე აცხადებს: „საქართველოს რეჟიმი კრემლის მიერ სახელმწიფოს შიგნიდან მიტაცების მაგალითია. ეს შეიძლება ევროკავშირის წევრებსაც დაემართოთ, თუ ამ ინფექციას დროულად არ შევაჩერებთ“.
„ევროპარლამენტის ლიტველი წევრის, რასა იუკნევიჩიენეს განცხადებები უკვე ძალიან მიუახლოვდა ფაშისტური განცხადებების ზღვარს. „დამნაშავეა ხალხი...", „ინფექცია უნდა შევაჩეროთ..." - დაწერა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
თუ ამგვარად წახალისებული რადიკალების ზიზღის ენის განვითარების გზას შევხედავთ, შემდეგ ჯერზე, პაპუაშვილის თქმით, ქართველ ხალხს „მონა" ან „ბიომასა" უნდა უწოდონ.
„დროა, ბრიუსელში, გამოჩნდეს საღი აზრი, რომელიც დემოკრატიის და ადამიანის ღირსების არმცნობ ამ სამარცხვინო ტენდენციას შეაჩერებს. რასა იუკნევიჩიენეს კი ვეტყოდი - არ შეიძლება სტალინის ზიზღით, მთელი ერი შეიზიზღო“, - წერს პაპუაშვილი.
იუკნევიჩიენე საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის ერთ-ერთი მუდმივი მომხსენებელია. მან არაერთხელ გააკრიტიკა ქვეყნის ხელისუფლება და მოითხოვა სანქციების დაწესება, მათ შორის „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების წინააღმდეგ. თავის მხრივ, „ქართულ ოცნებაში“ მას მიკერძოებაში და „რადიკალური ოპოზიციის“ ინტერესების ლობირებაში ადანაშაულებენ.
„კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ და „რადიკალური ოპოზიციის“ ქვეშ ხელისუფლება გულისხმობს ქვეყნის ყოფილ მმართველ პარტიას, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, მის სატელიტ და მემკვიდრე პარტიებს. ყველა ეს პარტია საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით მოხვდა პარლამენტში, მაგრამ მათ უარი თქვეს „ქართული ოცნების“ გამარჯვების აღიარებაზე და საკანონმდებლო ორგანოში მუშაობაზე.
ექს-პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიცია ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ - ისინი ამტკიცებენ, რომ ახლა ქვეყანას „არალეგიტიმური ხელისუფლება“ მართავს.
საქართველო და დასავლეთი
საქართველოს პარტნიორობა მთელ რიგ დასავლურ ქვეყანასთან გაუარესდა ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების შემდეგ. ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის მიღების შემდეგაც, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას კრძალავს.
ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში. საქართველოს მთავრობას მრავალმილიონიანი ფინანსური დახმარება შეუჩერდა.
შტატებმა ასევე შეაჩერეს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა, გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2024" (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
აშშ-მ „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის" საქართველოს 100-ზე მეტ მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, დეპუტატებსა და ძალოვანებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, გარდა ამისა დააწესა სანქციები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ, ასევე დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ საქართველოს ხელისუფლების 300-ზე მეტ წარმომადგენელს სავიზო სანქციები დაუწესა.