თბილისიდან იტალიის ქალაქ ფორლის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო

„ჯორჯიან ეარვეისი“ ევროპის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დღის საათებში ასრულებს.
Sputnik
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. ქართულმა ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ (Georgian Airways) თბილისიდან იტალიის ქალაქ ფორლის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო, პირველი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დღეს შესრულდა.
ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თბილისიდან ფორლის მიმართულებით ავიარეისი კვირაში ერთი სიხშირით - ხუთშაბათობით შესრულდება.
გარდა ამისა, 26 აპრილიდან „ჯორჯიან ეარვეისი” რომის აეროპორტ ფიუმიჩინოს მიმართულებით პირდაპირ რეისებს კვირაში ორჯერ - ოთხშაბათსა და შაბათს შეასრულებს. შესაბამისად, იტალიის მიმართულებით შესრულდება ყოველდღიური ფრენები: კვირაში სამჯერ მილანში, კვირაში ორჯერ რომში და კვირაში ერთხელ ფორლიში.
ფორლი იტალიის სამედიცინო კურორტია, რომელიც ვიზიტორებს სთავაზობს ევროპული სტანდარტის სამედიცინო შემოწმებას, რეაბილიტაციას, გამაჯანსაღებელ პროცედურებსა და თერმულ სპა-ცენტრებს.
„ჯორჯიან ეარვეისი” ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე გააგრძელებს პირდაპირ ფრენებს ევროპის სხვა მიმართულებითაც: პარიზში, ნიცაში, ვენაში, ამსტერდამში, ბერლინსა და ლარნაკაში.
პირდაპირი ფრენები შესრულდება „ბოინგ 737-700“, „ბოინგ 737-800“ და „ბოინგ 767” ტიპის ავიახომალდებით.
2025 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში 50 ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც ფრენებს 92 მიმართულებით ასრულებენ.