რა შემთხვევაში აღდგება საქართველოში მანგანუმის მოპოვება?

როგორც hiatura Management Company-ში განაცხადეს, ჭიათურაში სამთო წარმოების აღდგენა და რეორგანიზაცია დაიგეგმა.
Sputnik
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. ჭიათურაში მანგანუმის მადნის მოპოვებისა და გადამუშავების პროცესის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეჩერდება „შუქრუთის" და „კოროხნალის" მაღაროების პიკეტირება, ნათქვამია კომპანია Chiatura Management Company-ის განცხადებაში.
„შუქრუთისა" და „კოროხნალის" შახტების მუშაობა წელიწადზე მეტია პარალიზებულია. Georgian Manganese Holding-ში ფინანსური კრიზისი, რომელიც მანგანუმის მადნის მომპოპვებელი უდიდესი კომპანიაა საქართველოში, წარმოიშვა სოფელ შუქრუთის მოსახლეობისა და მაღაროელთა ნაწილის ხანგრძლივი პროტესტის ფონზე. ამ ორ მაღაროში კომპანია მადნის 70%-ზე მეტს მოიპოვებდა. კრიზისის ფონზე Chiatura Management Company-მა სასამართლოს გაკოტრების რეჟიმით გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის მოთხოვნით მიმართა, თუმცა უარი მიიღო.
„ამ პროცესის დაწყება შეუძლებელია მაღაროების ბლოკირების პირობებში. ადგილობრივი ჯგუფების მიერ მაღაროები უკვე ერთ წელზე მეტია პარალიზებულია... მოვუწოდებთ ადგილობრივ ჯგუფებს, შეწყვიტონ პიკეტირება და ხელი არ შეუშალონ ჭიათურაში სამთო წარმოების აღდგენას", - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც hiatura Management Company-ში განაცხადეს, ჭიათურაში სამთო წარმოების აღდგენა და რეორგანიზაცია დაიგეგმა. წარმოების განახლების პროცესს მაღალკვალიფიციური მენეჯერი მიხეილ სოცკი უხელმძღვანელებს, რომელიც წლების განმავლობაში ურთულეს სამთო ტექნოლოგიურ პროექტებს მართავდა.
„მიხეილ სოცკი მოწვეული იყო სამმხრივი კომისიის ფარგლებში შექმნილ სამუშაო ჯგუფში ექსპერტის სტატუსით. სწორედ მისი აქტიური მონაწილეობით შემუშავდა სტაბილურობასა და ეფექტიანობაზე გათვლილი ჭიათურის მაღაროების გახსნის გეგმა", - აღნიშნულია განცხადებაში.
შემუშავებული გეგმის თანახმად, წარმოების აღდგენა განხორციელდება მხოლოდ რეორგანიზაციის პირობებში. ეს ნიშნავს, რომ ცვლილებები შეეხება ყველა რგოლს, როგორც ტექნიკურ პერსონალს, ასევე ადმინისტრაციის თანამშრომლებს.
„სწორედ ეს არის ერთადერთი გზა მომგებიანი, სტაბილური და უსაფრთხო ოპერირების დასაბრუნებლად. ყველა თანამშრომელი დეტალურად ინფორმირებული იქნება დაგეგმილი ცვლილებების შესახებ და მათთან კომუნიკაცია გამჭვირვალედ და ეტაპობრივად წარიმართება", - აღნიშნულია განცხადებაში.
ამავე დროს, რეორგანიზაციის პარალელურად დაიწყება დახურული მაღაროების ტექნიკური ინსპექტირება. თითოეული მაღაროს შესწავლის შემდეგ დაიწყება აღდგენა-გადამაგრებითი სამუშაოები.
კომპანიის პოზიცია უცვლელია – პიკეტირების პირობებში წარმოების აღდგენა შეუძლებელია.
კომპანიაში აღნიშნეს, რომ ჭიათურაში სამთო წარმოება ან გაიხსნება ახალ წესებზე დაფუძნებული მოდელით – ან საერთოდ ვერ აღდგება.
ვნებათაღელვა მანგანუმის მოპოვების ირგვლივ
კომპანიაში ფინანსური კრიზისი კომპანია Georgian Manganese-ის წინააღმდეგ შუქრუთის მეშახტეებისა და მოსახლეობის ნაწილის ხანგრძლივი პროტესტის ფონზე წარმოიქმნა. შუქრუთისა და კოროხნალის შახტების მუშაობა პარალიზებულია. აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს ორივე შახტის შესასვლელი და მოითხოვეს, რომ კომპანიამ შეასრულოს 2019-2021 წლების საპროტესტო აქციის შედეგად მიღწეული შეთანხმებები და გადაიხადოს კომპენსაცია.
კომპანიამ აღნიშნა, რომ რადიკალური პროტესტი მძიმედ აისახა როგორც დასაქმებულების სოციალურ მდგომარეობაზე, ისე თავად კომპანიის საქმიანობაზე.
რადიკალურმა დაჯგუფებამ მაღაროები 2024 წლის 13 მარტს დაბლოკა დამატებითი კომპენსაციის მისაღებად, თუმცა მაღაროების მმართველმა კომპანია Chiatura Management Company-მ კონკრეტული მტკიცებულებები გაავრცელა.
მათივე ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორებმა კონტრაქტით გათვალისწინებული თანხა უკვე მიიღეს და მათ მოთხოვნას სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. ამ ფონზე კომპანიას საწარმოო პროცესის შეჩერება მოუწია.
2024 წლის ნოემბრიდან ამოქმედდა დროებითი მართვის რეჟიმი, რომლის ფარგლებშიც თანამშრომლებს კვლავ შეუნარჩუნდათ ხელფასის 60% და საოჯახო სადაზღვევო პაკეტი. ჯამში, გაჩერებული წარმოების ერთწლიან პერიოდში კომპანიამ ბანკებიდან აღებული კრედიტებით ხელფასის სახით 82,6 მილიონი ლარი გასცა და საკრედიტო რესურსები სრულად ამოწურა.
კრიზისის შედეგები
2019 წლიდან 2024 წლამდე, თანამშრომლების სამი ფართომასშტაბიანი გაფიცვის, მოსახლეობის მხრიდან მუდმივი ხელშეშლისა და მოპოვებითი სამუშაოების პარალიზების მიუხედავად, დასაქმებულების ყოველთვიური ხელფასის ფონდი თვეში 3 მილიონი ლარიდან 8,5 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
როგორც კომპანიაში განაცხადეს, მსოფლიო ბაზარზე კონცენტრატის ფასის კლების პარალელურად, ჭიათურაში მიწისქვეშა მოპოვების თვითღირებულების მუდმივმა ზრდამ და ხელფასების მატებამ კომპანია უკიდურეს კრიზისამდე მიიყვანა.
როგორც კომპანიაში აღნიშნეს, წამგებიან კომპანიას ბანკებმა დამატებითი სესხების გაცემაზე უკვე უარი უთხრეს. სწორედ ეს გახდა მთავარი ფაქტორი, რის გამოც კომპანიამ დასაქმებულებს 2025 თებერვლის თვის 60% ვეღარ გადაუხადა.
უკმაყოფილება შუქრუთში
მრავალი წელია, შუქრუთის მაცხოვრებლები კომპანიას მათი საცხოვრებელი გარემოს განადგურებაში, ეკოლოგიისა და მათი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებაში ადანაშაულებენ.
გაფიცულების თქმით, კომპანიის საქმიანობის შედეგად სოფელში საცხოვრებელი სახლების ნაწილი ავარიული გახდა, ჭები დაშრა, ხეები კი ნაყოფს აღარ ისხამენ. ამასთან, ისინი აცხადებენ, რომ წარუმატებლად ცდილობენ ცენტრალური ხელისუფლების ყურადღების მიქცევას. კომპანია სოფლის მცხოვრებლების ბრალდებებს უარყოფს.
Georgian Manganese Holding – მაღალხარისხიანი ფეროშენადნობების წამყვანი მწარმოებელი და ექსპორტიორია. კომპანიის პროდუქცია რუსეთში, აშშ-ში, ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში გადის.
Georgian Manganese -ის ინფორმაციით, მათ არაერთხელ სცადეს შახტების გახსნა და სამუშაო პროცესის განახლება, თუმცა პროტესტის მონაწილეებმა თვითნებურად გადაკეტეს შახტები და კომპანიას მუშაობის საშუალებას არ აძლევენ.
კომპანიის შემადგენლობაში შედის ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი, ჰიდროელექტროსადგური „ვარციხე 2005", კლინიკა „ფერომედი".
Georgian Manganese Holding ქვეყანაში მანგანუმის მადნის მომპოვებელი უდიდესი კომპანიაა.