ბოჭორიშვილი ზურაბიშვილის და ნანუაშვილის რუსი პრანკერების მახეში გაბმას ეხმაურება

Sputnik
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. ქართულ პოლიტიკაში არიან ადამიანები, რომლებიც უკანონო დაფინანსებას იღებენ უცხოეთიდან, რასაც შემდეგ რადიკალიზმის წახალისებისა და ქვეყნის სტაბილურობის შელახვისთვის იყენებენ, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ქვეყნის ექს-პრეზიდენტისა და ყოფილი სახალხო დამცველის მისამართით რუსი პრანკერების მიერ განხორციელებულ სატელეფონო ზარებთან დაკავშირებით.
ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ექს-ომბუდსმენი, ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი ცნობილი რუსი პრანკერების - ვლადიმირ კუზნეცოვისა (Вован) და ალექსეი სტოლიაროვის (Лексус) მახეში გაებნენ.
„პრინციპში, ახალი არაფერი გაგვიგია. ძალიან კარგად ვიცით რას ემსახურება ეს ხალხი და საიდან ფინანსდება. და ეს რომ ვიცოდით და ამას რომ ვხედავდით, სწორედ ამიტომ გამოწვევად მიგვაჩნდა ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
პრანკერებისთვის მიცემულ ინტერვიუში ზურაბიშვილმა და ნანუაშვილმა ისაუბრებს უცხოური დაფინანსების შეწყვეტის გამო ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებში შექმნილ პრობლემებზე. საქართველოს ყოფილმა ომბუდსმენმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე არაოფიციალური შეიარაღებული დანაყოფები იმყოფებიან.
მინისტრის თქმით, ხელისუფლებამ სწორედ ამიტომაც დაიწყო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე მუშაობა, სწორედ ამიტომ გაიარა ის გზა, რაც საკმაოდ დაძაბული, თუმცა ძალიან საჭირო იყო ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.
„ცხადია, რომ ჩვენ გვყავს ადამიანები, რომლებიც პოლიტიკაში არიან, რომლებიც იღებენ უცხო ქვეყნებიდან დაფინანსებას, რაც არის უკანონო და შემდგომ ამ ფულს და ამ თანხებს იყენებენ პოლიტიკაში", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
დონორებმა, რომლებიც ცდილობენ, ქართული საზოგადოების წინაშე თავი წარმოაჩინონ, როგორც კეთილმა ადამიანებმა, რომლებიც ზრუნავენ ქართველ ხალხსა და ქართულ საზოგადოებაზე, ამაზე უნდა დაფიქრდნენ, აღნიშნა მინისტრმა.
„სინამდვილეში არანაირი კეთილი მიზნები აქ არ არსებობს, არანაირ სამოქალაქო საზოგადოებაზე ზრუნვა აქ არ არსებობს, აქ არსებობს ერთადერთი მიზანი და ეს არის რადიკალიზმის წახალისება და რადიკალიზმის დაფინანსება საქართველოში, რაც შემდგომ უკვე უპირისპირდება ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
პრანკერები ყოფილ პრეზიდენტს გარი კასპაროვის სახელით დაუკავშირდნენ და ჰკითხეს თუ ვინ დაზარალდა USAID-ის დაფინანსების შეწყვეტის შემდეგ.
ზურაბიშვილმა პრანკერებთან ინტერვიუში იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ამერიკული ორგანიზაცია „აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ (USAID) დაფინანსების გაუქმების გამო შეექმნათ.
ზურაბიშვილმა დაასახელა სამი სფერო – მედია, პროფკავშირები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც, მისი აზრით, მძიმე მდგომარეობაში არიან.
ამასთან, მან აღიარა, რომ აქვს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების სია, რომელთა მატერიალური მხარდაჭერა ოპოზიციისა და დასავლეთის ინტერესებშია.
ნანუაშვილმა კი თავის მხრივ აღნიშნა, რომ USAID-ის დაფინანსების, ასევე აშშ-ის საელჩოსა და ევროპარლამენტისგან სახსრების მიღების შეწყვეტის შემდეგ, ახლა კი „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის გამო თანხების მიღების საკითხი უფრო გართულდა.
მისი თქმით, საქართველოში საკმაოდ არაპროგნოზირებადი სიტუაციაა, ასევე დასძინა, რომ უკრაინის მაიდანის მსგავსად, „ჩვენც გვყავს არაოფიციალური დანაყოფები, არიან ნიღბიანი სამოქალაქო პირები, არიან კერძო დაცვის კომპანიების წარმომადგენლები. და ისინი შეიარაღებულები არიან".
გარდა ამისა, ნანუაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ქუჩებში ხალხის რაოდენობა გაიზრდება და პროტესტის გეოგრაფია გაფართოვდება. ამავდროულად, ის მიიჩნევს, რომ ოპოზიციას არც ლიდერი ჰყავს და არც ერთიანობა აქვს.
ნანუაშვილთან ინტერვიუ, სავარაუდოდ, თებერვალ-მარტში ჩაიწერა, რადგან ის საუბრობს 2025 წლის აპრილში მოვლენების განვითარების ალბათობაზე PACE-ს გადაწყვეტილებისა და ზურაბიშვილის გეგმების ფონზე, გახსნას ოფისი თბილისში და გახდეს არაფორმალური ლიდერი.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლება ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულეს და აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს.
საპროტესტო აქციები, რომელიც დღემდე გრძელდება, პერიოდულად სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაში გადაიზრდება, რაც დემონსტრანტების დაკავებებით სრულდება.