საქართველოში სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში პირველი ავტორიზაცია გაიცა

უსაფრთხოების ავტორიზაციის მისაღებად, ლიანდაგის მფლობელები 1 მაისამდე უნდა დაუკავშირდნენ სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს.
Sputnik
თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. „თბილისი დრაი პორტი“ გახდა პირველი კომპანია, რომელმაც სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოსგან ინფრასტრუქტურის მართვისა და ოპერირებისთვის პირველი უსაფრთხოების ავტორიზაცია მიიღო.
კომპანია მისასვლელი ლიანდაგით სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში ოპერირებას მაისიდან იწყებს.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული სარკინიგზო უსაფრთხოების წესის თანახმად, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან მისასვლელი ლიანდაგის მფლობელები, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მართვისა და ოპერირებისთვის უნდა ფლობდნენ უსაფრთხოების ავტორიზაციას.
„პროცესის ეფექტურად წარსამართად, სააგენტო აქტიურად უწევს კონსულტაციას და თანამშრომლობს დარგში მოქმედ სარკინიგზო საწარმოებთან და ინფრასტრუქტურის მენეჯერებთან. მათ მიეწოდათ ყველა საჭირო ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა უზრუნველყონ, ახალი სარკინიგზო წესების დაკმაყოფილება“, - განაცხადა სააგენტოს დირექტორმა ერეკლე კეჟერაშვილმა.
მისი თქმით, უსფრთხოების ავტორიზაციის მინიჭება ხელს შეუწყობს სარკინიგზო უსაფრთოხების დონის გაუმჯობესებას, ამასთან უზრუნველყოფს ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილებას, სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში.
უსაფრთხოების ავტორიზაციის მისაღებად, მისასვლელი ლიანდაგის მფლობელებმა დადგენილი ფორმის განცხადებით და თანდართული დოკუმენტაციით 1-ელ მაისამდე უნდა მიმართონ სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს.
სარკინიგზო სისტემაში უკვე მოქმედი სუბიექტებისთვის დაწესებულია გარდამავალი პერიოდი; განცხადების წარმოდგენა სავალდებულოა 1-ელ მაისამდე, თუმცა, სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე მათ უწყვეტად შეუძლიათ საქმიანობის გაგრძელება.
მისასვლელი ლიანდაგის მფლობელის უსაფრთხოების ავტორიზაციის მინიჭებისთვის აუცილებელი პირობაა, რომ წარმოდგენილ განცხადებას, სხვა მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად, თან დაერთოს მისასვლელი ლიანდაგის მფლობელის მიერ შემუშავებული უსაფრთხოების მართვის სისტემა, სარკინიგზო უსაფრთხოების წესის დანართი V-ის მოთხოვნების შესაბამისად.