იერუსალიმიდან საქართველოში ჩამობრძანებული წმინდა ცეცხლი ყველა ტაძარში გადანაწილდა

ღვთიური ცეცხლი ქრისტეს ნათელი აღდგომის სიმბოლოა, რომლის შესახებაც ჯერ კიდევ პეტრე მოციქული ამბობდა და მორწმუნეთათვის წმინდათა წმინდაა.
Sputnik
თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. საქართველო, რომლის უდიდესი ნაწილი მართლმადიდებელი ქრისტიანია, ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს.
აღდგომა ყოველწლიურად აღინიშნება გაზაფხულზე, მაგრამ კონკრეტული თარიღი არ არსებობს - ის საგანგებო საეკლესიო კალენდრით დგინდება. წელს აღდგომა 20 აპრილს აღინიშნება.
აღდგომა უმთავრესი დღესასწაულია თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის. ამ დღეს ქრისტე მკვდრეთით აღდგა და ადამიანები პირველქმნილი ცოდვისგან დაიხსნა. მხოლოდ ამის შემდეგ გაიღო ადამიანთათვის სამოთხის ბჭე. ადამის მოდგმის მხსნელად მოვლენილმა მაცხოვარმა გოლგოთას მთაზე ჯვართან ერთად კაცობრიობის ცოდვა ზიდა.
სააღდგომო ღვთისმსახურება ღამის თევით ქვეყნის მასშტაბით ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში ჩატარდა.
ეკლესიებში განაწილდა იერუსალიმიდან საქართველოში ჩამობრძანებული წმინდა ცეცხლი.
სპეციალური რეისი ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა" შეასრულა. ბორტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 19 აპრილის 23:40 წუთზე დაეშვა. პროცესში ჩართული იყო „პილიგრიმ ტურსი", რომელმაც წმინდა ცეცხლის ჩამობრძანება უზრუნველყო. ზეციურ ცეცხლს, აეროპორტში ტრადიციულად ელოდებოდნენ მორწმუნეები.
ღვთიური ცეცხლი ქრისტეს ნათელი აღდგომის სიმბოლოა, რომლის შესახებაც ჯერ კიდევ პეტრე მოციქული ამბობდა და მორწმუნეთათვის წმინდათა წმინდაა. მართლმადიდებლური აღდგომის წინ მართლმადიდებელი პატრიარქის, სამღვდელოებისა და ათასობით მორწმუნეს ლოცვის შემდეგ ცეცხლის გარდამოსვლას „ღვთიური ცეცხლის სასწაულებრივ გარდამოსვლას“ უწოდებენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს რეგულარულად ხდება.
წელს იერუსალიმში მაცხოვრის აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლი 15:37 საათზე გადმოვიდა.
ქრისტიანები აღდგომისთვის 48 დღე ემზადებიან - ამდენ ხანს გრძელდება დიდი მარხვა.
ქრისტიანები ერთმანეთს სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღეს ულოცავენ სიტყვებით „ქრისტე აღდგა! — ჭეშმარიტად აღდგა!“