ყაველაშვილმა მოქალაქეებს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული მიულოცა

საქართველო, რომლის უდიდესი ნაწილი მართლმადიდებელი ქრისტიანია, 20 აპრილს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს.
Sputnik
თბილისი, 20 აპრილი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მორწმუნეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, აღდგომა ახალი გზის დაწყების, სათნოებისა და სიკვდილზე გამარჯვების დღესასწაულია.
„ქრისტეს აღდგომა, როგორც სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვებისა და სულიერი ამაღლების სიმბოლო, თითოეულ ჩვენგანს უდიდესი რწმენითა და მომავლის იმედით გვავსებს. ქრისტე აღდგა! გულითადად გილოცავთ ყველას ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. მშვიდობას, ბედნიერებასა და უკეთეს ხვალინდელ დღეს გისურვებთ.უფალი ფარავდეს სრულიად საქართველოს!"", - დაწერა სოციალურ ქსელში პრეზიდენტმა.
საქართველო, რომლის უდიდესი ნაწილი მართლმადიდებელი ქრისტიანია, 20 აპრილს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს.
აღდგომის ღამეს წმინდა სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოსთან, მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა.
საზეიმო წირვის დაწყებამდე, სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილმა მრევლმა პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე მოისმინა.
სამებაში ღამით ასობით მორწმუნე შეიკრიბა, მათ შორის სახელმწიფოს პირველი პირებიც - პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
აღდგომა უმთავრესი დღესასწაულია თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის. ამ დღეს ქრისტე მკვდრეთით აღდგა და ადამიანები პირველქმნილი ცოდვისგან დაიხსნა. მხოლოდ ამის შემდეგ გაიღო ადამიანთათვის სამოთხის ბჭე. ადამის მოდგმის მხსნელად მოვლენილმა მაცხოვარმა გოლგოთას მთაზე ჯვართან ერთად კაცობრიობის ცოდვა ზიდა.