თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. საინვესტიციო ფონდების განვითარება საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა, ამიტომ უახლოეს წლებში სახელმწიფო მხარს დაუჭერს რამდენიმე საინვესტიციო ფონდს, რომელთა ჯამური კაპიტალი 200 მილიონ ლარამდე იქნება, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.
ნადარეიშვილმა მონაწილეობა მიიღო სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში, სადაც საინვესტიციო ფონდების განვითარების ხელშეწყობის ახალ ინიციატივაზე იმსჯელეს.
„მომდევნო წლების განმავლობაში, სახელმწიფოს ხელშეწყობით და უშუალო მონაწილეობით დაგეგმილია რამდენიმე კერძო კაპიტალის საინვესტიციო ფონდის ხელშეწყობა, რომელთა ჯამური კაპიტალიზაცია 200 მილიონ ლარამდე იქნება“, - განაცხადა ნადარეიშვილმა.
მისი თქმით, ამჟამად სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მუშაობს კერძო კაპიტალის ფონდის დაფუძნების ხელშეწყობაზე, რომელშიც მას შეზღუდული პარტნიორის როლი ექნება.
ღონისძიება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით შედგა და მას როგორც პოტენციური აქტივების მმართველი კომპანიების, ასევე პოტენციური ინვესტორების, ფინანსური ინსტიტუტების, ბიზნეს სექტორის და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
როგორც ნადარეიშვილმა აღნიშნა, კაპიტალის ბაზრის განვითარება ერთ-ერთი მთავარი სტრუქტურული რეფორმაა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ბოლო 5 წლის განმავლობაში ეროვნულ ბანკთან და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით აქტიურად ახორციელებს.
„ჩვენ შევქმენით მყარი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ფუნდამენტურ როლს თამაშობს ამ რეფორმის წარმატებაში“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მან ასევე აქცენტი გააკეთა მთავრობის მიერ დაწყებული რეფორმის კვალდაკვალ კერძო სექტორში მიმდინარე დადებით ტენდენციებზე. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, 2021 წელს პირველი საინვესტიციო ფონდის რეგისტრაციიდან დღემდე მათი რიცხვი 19-მდე გაიზარდა; მათ მართვაში არსებული მთლიანი აქტივები ყოველწლიურად საშუალოდ 60%-ით იზრდება; კორპორაციული ობლიგაციების ბაზარი 2023 წელს გაორმაგდა და 1,9 მილიარდ ლარს მიაღწია; საქართველოს საპენსიო ფონდის მართვაში არსებულმა აქტივებმა კი 6 მილიარდ ლარს გადააჭარბა და სხვ.
ნადარეიშვილმა ასევე ისაუბრა რეფორმის მეორე ფაზაზე, რომელიც მიზნად ისახავს ვენჩურული კაპიტალის, ობლიგაციების ბაზრის, კერძო კაპიტალის და მსგავსი ინსტრუმენტების გაძლიერებასა და სტიმულირებას.
„ჩვენი მიზანია მცირე და საშუალო საწარმოების ზრდაზე ორიენტირებული კერძო კაპიტალის ფონდების დაფუძნების ხელშეწყობა. აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმების განვითარებას,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
საქართველოს საინვესტიციო ფონდების ბაზარი ბოლო წლებში დინამიურად ვითარდება. 2020 წელს გაიცა პირველი აქტივების მმართველის, ხოლო 2021 წელს პირველი საინვესტიციო ფონდის რეგისტრაცია.
საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის ერთობლივი ძალისხმევით, 2020 წლის ივლისში დამტკიცდა კანონი „საინვესტიციო ფონდების შესახებ“, განახლდა მარეგულირებელი ჩარჩო. ის ეფუძნება ევროკავშირის შესაბამისი დირექტივებისა და ფასიანი ქაღალდების კომისიათა საერთაშორისო ორგანიზაციის (IOSCO) ძირითად პრინციპებს.
მარეგულირებლის ინფორმაციით, ამგვარი ჩარჩოს არსებობის პირობებში საქართველოში საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების მიმართ ბაზრის მონაწილეთა ინტერესიც გაიზარდა.
საბოლოოდ, ეროვნული ბანკის მიერ უზრუნველყოფილი მარეგულირებელი ჩარჩო და ზედამხედველობა ბიძგს აძლევს ბაზრის გაჯანსაღებასა და ახალი ინვესტორების მოზიდვას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში დადებითად აისახება ქვეყნის ფინანსურ მდგრადობასა და ეკონომიკურ განვითარებაზე.