თბილისი, 19 აპრილი - Sputnik. საქართველოს მასშტაბით დაფიქსირებული ელექტროენერგიის ავარიული გათიშვის მიზეზი ხანძარი ყოფილა, ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში განაცხადეს.
დღეს 11:08 საათზე ავარიულად გამოირთო 500 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონი“.
„წინასწარი მონაცემებით, ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების მიზეზი გახდა ხანძრის კერა. ელექტროგადამცემი ხაზის გათიშვის შედეგად ელექტროსისტემაში მოხდა ელექტრული პარამეტრების დარღვევა, გამოირთო ენგურჰესი და სხვა დიდი და მცირე ელექტროსადგურები. გენერაციის ობიექტების გამორთვის შედეგად 11:15 საათზე საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მომხმარებლის დაახლოებით 90% შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება, უმოკლეს დროში, 35 წუთში მოხერხდა ელექტროენერგეტიკული სისტემის გამანაწილებელ კომპანიებზე ელექტროენერგიის სრულად მიწოდება.
ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვის გამო, თბილისის მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ვერ ემსახურებოდა .