ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინეს

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თბილისის პროკურატურა რამდენიმე წუთის წინ დატოვა.
Sputnik
თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. „კოალიცია ცვლილებისთვის" წევრს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს პროკურატურამ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ბრალი წაუწყენა, იუწყება ქართული მედია.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საქართველოს პარლამენტში შექმნილ 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იყო დაბარებული, სადაც მისვლაზეც მან უარი განაცხადა. ამის შემდეგ კომისიის თავმჯდომარემ პროკურატურას მიმართა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს.
აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ჯაფარიძემ თბილისის პროკურატურა რამდენიმე წუთის წინ დატოვა.
კომისიის მუშაობის წესი
დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც 2003-2012 წლებში მოქმედი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობას შეისწავლის, პარლამენტში 5 თებერვალს შეიქმნა და სამი თვე იმუშავებს, შემდეგ კი ანგარიშს წარადგენს.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დროებით საგამოძიებო კომისიას უფლება აქვს შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული გარემოებების გამო დაიბაროს ნებისმიერი პირის ან მიიღოს მისგან წერილობითი ახსნა-განმარტება. ჩვენების მიცემაზე უარი სისხლის სამართლის დანაშაულია.
დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომების ადგილსა და სიხშირეს ადგენს კომისია, მაგრამ თვეში უნდა გაიმართოს სულ მცირე ორი სხდომა.
კომისია მუშაობის შედეგების საფუძველზე მოამზადებს ანგარიშს, რომელსაც განიხილავს და დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი, სავარაუდოდ, სექტემბრის დასაწყისში. კომისიის დასკვნაში იქნება რეკომენდაციები დამნაშავეების მიმართ კონსტიტუციით გათვალისწინებული პოლიტიკური და სამართლებრივი ზომების შესახებ.
პარლამენტის მიერ დამტკიცებული ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გადაეგზავნება პროკურატურას და სხვა შესაბამის ორგანოებს შემდგომი რეაგირებისა და დამნაშავეთა დასჯის უზრუნველსაყოფად.