თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. ბელგიის მაღალრეიტინგული გამოცემის Sabato ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ეცნობიან, ნათქვამია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ორგანიზებით, ჟურნალისტები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობენ.
„ბელგიელი ჟურნალისტები ეცნობიან საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს, ქვეყნის კულტურას, მოგვიანებით ისინი საქართველოს შესახებ სტატიებს მოამზადებენ და ევროპელ მოგზაურებს შესთავაზებენ საქართველოს, როგორც ახალი დანიშნულების ადგილი, რომ შემდეგი მოგზაურობისთვის არჩევანი სწორედ საქართველოზე გააკეთონ", - განაცხადა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.
ტურის მონაწილეები უკვე იმყოფებოდნენ კახეთში - ეწვივნენ ალავერდს, სიღნაღს, თელავს, ახმეტას, წინანდალს; ადგილობრივ მარნებში გაეცნენ ღვინის მომზადების წესებს. გამოცემის წარმომადგენლები ასევე სტეფანწმინდას, გერგეტის სამებას და უფლისციხეს მოინახულებენ.
როგორც ბელგიელმა ჟურნალისტებმა ბერტ ვოეტმა და ჯული მორგანმა აღნიშნეს, მათ არ იცოდნენ, რომ საქართველო გასტრონომიისა და ღვინის ქვეყანაა.
„ჩვენთვის ეს ნამდვილი კულტურული აღმოჩენაა, ეს არის ქვეყანა ღვინის 8 ათასწლოვანი ისტორიით. ვფიქრობ ბელგიელები გასტრონომიის დიდი მოყვარულები არიან, უყვართ ღვინო და საქართველოში ძალიან ბევრ რამეს აღმოაჩენენ, რომელიც განსხვავდება საფრანგეთისგან, გერმანიისგან და იტალიისგან. ბელგიელი მოგზაურები აქ აღმოაჩენენ ახალ კულტურას და ახალ გემოებს", - განაცხადეს მათ.
საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ბელგიელი ჟურნალისტები ფრანგულ და დანიურ ენებზე სტატიებს მოამზადებენ, რომელსაც Sabato-ს მკითხველს გააცნობენ, როგორც ბელგიაში, ასევე საფრანგეთსა და დანიაში.
საქართველოს ცნობადობის გაზრდისა და ტურისტული ნაკადების მოზიდვის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უცხოელი ჟურნალისტებისთვის, ინფლუენსერებისა და ბლოგერებისთვის მედიატურებს პერიოდულად მართავს.