თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი სწრაფი ტემპებით ვითარდება - პორტმა პირველი გემების მიღება 2028-ის ნაცვლად შესაძლოა 2027 წლის ბოლოსაც შეძლოს, განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2024 წლის სექტემბერი დაიწყო. პროექტის პირველ ეტაპზე დაგეგმილია ნავსადგურის აკვატორიის ზღვის ფსკერის გაღრმავება და ტალღმტეხელის მშენებლობა. ღრმაწყლოვანი პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა ბელგიურ კომპანია Jan De Nul-თან, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საზღვაო სამშენებლო კომპანიაა. ხელშეკრულების მიხედვით, საზღვაო სამუშაოები სამ წელიწადში დასრულდება.
„ვფიქრობ, რომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც გადავწყვიტეთ, რომ არ ველოდოთ ინვესტორებს და სახელმწიფომ კრიტიკული ინფრასტრუქტურა შექმნას. ჩვენ თანმიმდევრულად ვავითარებთ პორტს - ამ ინფრასტრუქტურის შექმნის შედეგად ჩვენ გვექნება ბევრად უფრო ხელსაყრელი პირობები, რომ ვესაუბროთ პარტნიორებს“, - განაცხადა დავითაშვილმა.
ამ დროისთვის მთავრობას პროექტის მომავალ პარტნიორთან კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია.
ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმი China Communications Construction Company Limited & China Harbor Investment Pte. ერთადერთი კომპანია იყო, რომელმაც პორტის განვითარებაში ინვესტიციის განხორციელების სურვილი გამოთქვა.
მთავრობა ჩინურ ინვესტორთან შეთანხმებას ხელს მოაწერს არაუგვიანეს 2025 წლის ზაფხულისა. ანაკლიის პორტის 51%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფო იქნება, დანარჩენს კი კერძო ინვესტორი მიიღებს.
„მას შემდეგ, რაც ჩვენ გვექნება კონკურენტუნარიანი, ხარისხიანი თანამედროვე ინფრასტრუქტურა, სხვა ალტერნატივებთან შედარებით უფრო მეტად კონკურენტუნარიანი გავხდებით და გრძელვადიან პერსპექტივაში, ამ ტვირთნაკადების ჩვენს დერეფანში დამაგრებას მოვახერხებთ,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 600 ათასი კონტეინერი იქნება, საორიენტაციო საინვესტიციო ღირებულება კი 600 მლნ დოლარს შეადგენს.
საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ როლს ასრულებს ეკონომიკურ განვითარებაში, ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად, ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ნაწილის მშენებლობა, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს, ასევე ახორციელებს ანაკლიაში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტს.