თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოში წითელას 142 შემთხვევა დაფიქსირდა, განსაკუთრებული ზრდა თბილისსა და სამცხე-ჯავახეთში გვხვდება, განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ ბრიფინგზე.
წითელა მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადებაა, რომელიც ჰაერწვეთოვანი გზით გადადის, ხასიათდება მაღალი სიცხით, პირის ღრუსა და ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის ანთებით, კონიუნქტივიტით, კანის დამახასიათებელი მაკულოპაპულური გამონაყარით და ზოგადი ინტოქსიკაციით.
„საქართველოში ზრდა შეიმჩნევა, თუმცა არა ისეთი მკვეთრი, როგორც სხვა ქვეყნებში. ჩვენს ქვეყანაში 2022 წელს წითელას 12 შემთხვევა დაფიქსირდა, 2023 წელს - 26, ხოლო 2024 წელს - 337. 2025 წლის პირველ ოთხ თვეში ქვეყანაში წითელას 142 შემთხვევა დაფიქსირდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში წითელას შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა და ასევე ფიქსირდება გარდაცვალების შემთხვევები“, - განაცხადა ჩხაიძემ მედიაცენტრ „მთავარში".
მისი თქმით, რეგიონების მიხედვით, შემთხვევების ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი თბილისსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ფიქსირდება. როგორც მედიკოსმა განმარტა, წითელას შემთხვევების რაოდენობის ზრდა ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელს უკავშირდება.
„წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი, რაც ჩვენ შეიძლება ახლა, ამ პრობლემის გადაჭრის თვალსაზრისით ჩვენს მოსახლეობას ვურჩიოთ", - განაცხადა ჩხაიძემ.
მან საზოგადოებას მოუწოდა, დროულად აცრან ის ბავშვები, ვინც წითელაზე ჯერ არ აცრილან ან პანდემიის პერიოდში მშობლებმა ბავშვებისთვის წითელას საწინააღმდეგო მეორე ვაქცინა გამოტოვეს.
„ენცეფალიტი, გულის კუნთის დაზიანება, ფილტვების ანთება, ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გართულებაა, რომელიც წითელას ინფიცირებიდან რამდენიმე წლის შემდეგ იჩენს თავს. ეს შეიძლება იყოს 5-10 წელი და სამწუხაროდ, როდესაც ეს გართულება - პანიცეპალიტი განვითარდება, ბავშვის გადარჩენის შანსი, პრაქტიკულად, არ არსებობს“, -განაცხადა ჩხაიძემ.
როგორც ჩხაიძემ განმარტა, ინფექციურ დაავადებასთან დაკავშირებით მიმართვიანობა გაზრდილია კლინიკებში. ყველაზე მეტად წითელა გავრცელებულია თბილისსა და სამცხე-ჯავახეთში. გასული წლის ბოლოს დაფიქსირდა გარდაცვალების შემთხვევა.
2018-2019 წლებში საქართველოში წითელას ეპიდემია მძვინვარებდა. 2019 წლის რამდენიმე თვეში საქართველოს 4 ათასამდე მოქალაქეს წითელა დაუდგინდა, მაშინ, როდესაც ნორმად წელიწადში 10 შემთხვევა მიიჩნევა. მაშინ ორი შემთხვევა სიკვდილით დასრულდა. ორივე იყო ბავშვი და არცერთი არ იყო აცრილი წითელაზე.
წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია ბავშვებს ორჯერ უტარდებათ – ერთი წლის ასაკში და ხუთი წლის ასაკში. ბავშვი, რომელიც სკოლაში მიდის, წესით ორჯერ უნდა იყოს აცრილი. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2000 წლიდან 2017 წლამდე წითელაზე ვაქცინაციის შედეგად წითელათი გამოწვეული გლობალური სიკვდილიანობა 80%-ით შემცირდა.