თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. 8 აპრილს საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო სამ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს სისხლის სამართლის პასუხისგება ემუქრება, თავდაცვის ყოფილ მინისტრს და ოპოზიციონერ ირაკლი ოქრუაშვილს კი ამ ქმედებისთვის 20 000 ლარის ოდენობის გირაო უკვე შეეფარდა.
დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც 2003-2012 წლებში მოქმედი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობას შეისწავლის, პარლამენტში 2025 წლის 5 თებერვალს შეიქმნა. კანონის თანახმად კომისიის სხდომაზე გამოცხადება აუცილებელია.
როგორც საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა განაცხადა, ოპოზიციური პარტია „ახალის“ ლიდერ ნიკა გვარამიას, პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის და პარტია „ნაციონალური მოძრაობის" წევრის გივი თარგამაძის მხრიდან 8 აპრილს განართულ სხდომაზე გამოუცხადებლობისთვის რეაგირების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს.
8 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და საქმის წარმოების დასრულებამდე საქართველოს საზღვრის კვეთა აუკრძალა.
გასულ კვირაში თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერებს ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50-50 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.
ორთავე მათგანს, ისევე როგორც ოქრუაშვილს, ბრალი წაუყენეს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის.
კომისიის საქმიანობა
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დროებით საგამოძიებო კომისიას უფლება აქვს შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული გარემოებების გამო დაიბაროს ნებისმიერი პირის ან მიიღოს მისგან წერილობითი ახსნა-განმარტება. ჩვენების მიცემაზე უარი სისხლის სამართლის დანაშაულია.
დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომების ადგილსა და სიხშირეს ადგენს კომისია, მაგრამ თვეში უნდა გაიმართოს სულ მცირე ორი სხდომა.
კომისია მუშაობის შედეგების საფუძველზე მოამზადებს ანგარიშს, რომელსაც განიხილავს და დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი, სავარაუდოდ, სექტემბრის დასაწყისში. კომისიის დასკვნაში იქნება რეკომენდაციები დამნაშავეების მიმართ კონსტიტუციით გათვალისწინებული პოლიტიკური და სამართლებრივი ზომების შესახებ.
პარლამენტის მიერ დამტკიცებული ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გადაეგზავნება პროკურატურას და სხვა შესაბამის ორგანოებს შემდგომი რეაგირებისა და დამნაშავეთა დასჯის უზრუნველსაყოფად.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ უკვე განაცხადა, რომ ანგარიში, შესაძლოა, გახდეს ქვეყანაში არაერთი წამყვანი ოპოზიციური პარტიის, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადების მიზეზი.