თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. ეკლესია არ არის და არც შეიძლება იყოს რომელიმე პოლიტიკური ძალისადმი მიკერძოებული, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.
ქართველმა საოპერო მომღერალმა და საზოგადო მოღვაწემ პაატა ბურჭულაძემ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორისგან ითხოვა კურთხევა, 9 აპრილის ღამეს ქაშვეთის ეკლესიის ზარები დარეკილიყო. ამ დღეს საქართველოში 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის დღე აღინიშნება.
„მიუხედავად ცალკეული სასულიერო პირებისგან დაფიქსირებული ამა თუ იმ პოზიციისა, ზოგადად, ეკლესია არ არის და არც შეიძლება იყოს რომელიმე პოლიტიკური ძალისადმი მიკერძოებული. მას აქვს მრევლის და, შესაძლებლობის ფარგლებში, ქვეყნის გაერთიანებისთვის ზრუნვის მოვალეობა და საღვთო სწავლების მიხედვით მოქმედების უფლება; ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბურჭულაძემ საპატრიარქოსადმი მიმართვის შემდეგ განაცხადა, რომ 8-9 აპრილს იგი აანონსებს თავისი პოლიტიკური ბრძოლის დაწყებას.
„როგორც ჩანს, ზარების დარეკვაც მისთვის, სავარაუდოდ, ამ კონტექსტში მოიაზრება", - ნათქამია განცხადებაში.
როგორც საპატრიარქოში განაცხადეს, ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით, პატრიარქის კურთხევით, ტრადიციისამებრ, „გადახდილი იქნება პანაშვიდებიც და პარაკლისებიც როგორც 9 აპრილის მემორიალთან, ასევე ქაშვეთის წმინდა გიორგის სახ. ტაძარში და საქართველოს სხვა ეკლესია-მონასტრებში".
საქართველოში 9 აპრილს აღინიშნება სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების, ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსთვის დაღუპულთა ხსოვნის დღე.
საქართველოში 9 აპრილი უქმე დღეა. სწორედ ამ დღეს, 1989 წლის 9 აპრილს თბილისში საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს ჯარმა მრავალათასიანი მიტინგი დაარბია.
ამ დღეს, ტრადიციულად, თბილისელებს პარლამენტის შენობასთან ტიტები მიაქვთ… ხალხი ტრაგედიის ადგილზე 8 აპრილის ღამიდან იწყებს შეკრებას.
1989 წელს სსრკ–ის თავდაცვის სამინისტროს ძალების მიერ ცრემლსადენი გაზის, ნიჩბებისა და მძიმე ტექნიკის გამოყენებით მრავალათასიანი მშვიდობიანი აქციის დარბევას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რომელთა შორისაც უმეტესობა ქალი იყო.
1989 წლის 9 აპრილს მომხდარი ფაქტის გამოსაძიებლად სსრკ-ის სახალხო დეპუტატთა ყრილობამ სპეციალური კომისია შექმნა, რომელსაც ანატოლი სობჩაკი ხელმძღვანელობდა. კომისის დასკვნის თანახმად, ამ დღეს დემონსტრანტების წინააღმდეგ სამხედრო ძალების მხრიდან ძალის გადამეტება მოხდა.
1989 წლის 9 აპრილი, რომელსაც „სისხლიან კვირასაც" ეძახიან, საქართველოს ისტორიაში გარდამტეხად იქცა. ზუსტად ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს ეროვნული მოძრაობის ლიდერმა და საქართველოს მომავალმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.