თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. თელავის რაიონულმა სასამართლომ ორი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 19 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 24 ივლისს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურში ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორ პირს ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ორივე დაზარალებული გარდაიცვალა.
32 წლის ბრალდებული სამართალდამცველებმა კახეთში ივლისის ბოლოს დააკავეს, საგამოძიებო უწყება მას ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას ედავებოდა.
„თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 19 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, -აღნიშნულია ინფორმაციაში.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულებიც და სავარაუდო დამნაშავეც თანასოფლელები არიან. ერთ-ერთი ვერსიით, სამივე მათგანი ერთად ქეიფობდა, რა დროსაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.