თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. ულტიმატუმის ენა, რომლითაც დღეს ევროსაბჭო საქართველოს ესაუბრება, ქართული საზოგადოებისათვის მიუღებელია, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მარიამ ლაშხმა.
ორშაბათს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საგაზაფხულო სესიაზე საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით დებატები გაიმართება, რომლის ფარგლებშიც იმსჯელებენ 29 იანვარს მიღებული რეზოლუციით გათვალისწინებულ საკითხებსა და ასევე „ქართული ოცნების“ დელეგაციის მანდატების საკითხზე.
„ულტიმატუმის ენა, რომლითაც დღეს ევროსაბჭო საქართველოს ესაუბრება, პირველ რიგში, მიუღებელია ქართული საზოგადოებისათვის. ზამთრის სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებით ევროსაბჭომ აღიარა ჩვენი მანდატები, აღიარა არჩევნები. შემდგომ უკვე ის ულტიმატუმის რეზოლუცია, რომელიც მათ მიიღეს, პირველ რიგში ეწინააღმდეგება მათივე აღიარებულ მანდატებს", - განაცხადა ლაშხმა.
ამასთან, როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ხელისუფლების და განსაკუთრებით საზოგადოებისთვის არ არის საინტერესო ის რეზოლუცია და საუბრები, რომელსაც ისინი დახურულ კარს მიღმა ატარებენ „რადიკალური ოპოზიციის არალეგიტიმურ და მანდატიან ლიდერებთან“.
29 იანვარს PACE-მ მხარი დაუჭირა ქართული დელეგაციის უფლებამოსილების აღიარებას დათქმით მისი შეჩერების შესახებ, თუ 2025 წლის აპრილამდე საქართველოს ხელისუფლება არ შეასრულებს პირობებს, რომელთა შორისაა უახლოეს თვეებში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლება. ამის საპასუხოდ ქართულმა დელეგაციამ ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა განსაკუთრებულ როლს არ თამაშობს, მაგრამ საქართველო რჩება ევროპის საბჭოს წევრად და მზად არის თანამშრომლობისთვის.
„ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ევროსაბჭოს მიერ ქართული მხარის მიმართ გაკეთებული დათქმები აბსურდული, უსაფუძვლო და უსამართლოა. დათქმა ვადამდელი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდისთვის კატეგორიულად მიუღებელია და სცილდება ასამბლეის კომპეტენციას.
მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, ქართული დელეგაციის წევრები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობას მხოლოდ მას შემდეგ განაახლებენ, რაც ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მიმართ უსამართლო დამოკიდებულება შეიცვლება.