თბილისი, 14 მარტი — Sputnik. შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შალუტაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად საპროტესტო აქციებში მონაწილე სტუდენტებს დისციპლინარული პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ და სტუდენტის სტატუსი არ შეუწყდებათ, ნათქვამია უნივერსიტეტის სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
10 მარტს უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ რამდენიმე სტუდენტს სტატუსის გაუქმების შესახებ შეტყობინებები დაუგზავნა. გადაწყვეტილება ეთიკის უნივერსიტეტის ფოიეს არასანქცირებული „დაკავების“ გამო კომისიის მიერ იქნა მიღებული. კომისიის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო აქციის მონაწილეებმა და სტუდენტებმა ახალი საპროტესტო აქცია გამართეს უნივერსიტეტის წინ და პარლამენტის შენობის წინ ღამეც გაათენეს.
„სტუდენტების, პედაგოგებისა და თანამშრომლების განცხადებების საფუძველზე, უნივერსიტეტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, რექტორმა მიიღო გადაწყვეტილება არ გამოიყენოს სტუდენტების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომა - სტატუსის შეწყვეტა”, - წერია უნივერსიტეტის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.
უნივერსიტეტის რექტორის მიერ სტუდენტებისთვის სტატუსის აღდგენა ნიშნავს, რომ მათ სასწავლო დაწესებულებიდან არ გარიცხავენ, განაცხადა კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილე ბექა დავითულიანმა.
„უნივერსიტეტის რექტორმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება - აღუდგინა შეჩერებული სტატუსი სტუდენტებს და მისცა უკანასკნელი გაფრთხილება, რითაც ამოწურა ეს საკითხი, დახურა ყოველგვარი სატელევიზიო სივრცე პოლემიკისთვის“, - განაცხადა დავითულიანმა.
მისი თქმით, რექტორმა სტუდენტებს მისცა შესაძლებლობა, ურთიერთობა დაუბრუნდეს აკადემიურ სივრცეს.
„შესაბამისად, საკითხი ამოწურულია“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ამასთან, დავითულიანმა აღნიშნა, რომ ნებისმიერ სტუდენტს, ისევე როგორც მოქალაქეს, აქვს უფლება გამოხატოს თავისი აზრი და პროტესტი და ამ უფლებაში არსებობს კანონით დადგენილი ჩარჩოები.
„სტუდენტთა ერთი ჯგუფის უფლებებმა არ უნდა შელახოს დანარჩენი სტუდენტების უფლებები და მთლიანად უნივერსიტეტის უფლებები. აქედან გამომდინარე, ყველას თავის არჩევანი აქვს - ვისაც სწავლა უნდოდა მას რექტორის გადაწყვეტილებით, ამის შესაძლებლობა მიეცა“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.
უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი 80 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში იკავებდა უნივერსიტეტის ფოიეს. ახალგაზრდების თქმით, 9 მარტს პოლიციამ ისინი შენობის დატოვება აიძულა და დაკავებით დაემუქრა. გარდა ამისა, აქციის თითოეული მონაწილე 5 ათასი ლარით დაჯარიმდა.
საპროტესტო აქციები საქართველოში 2024 წლის 28 ნოემბრიდან იმართება ხელისუფლების გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომელიც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე გადადებას ითვალისწინებს.