სამგორის რაიონს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატება

ამ ეტაპზე ადგილზე მონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები.
Sputnik
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. თბილისში, ვარკეთილში ერთ ჰექტარ ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
პროექტი ვარკეთილის მესამე მასივის ზემო პლატოზე, თრიალეთის ქუჩის მიმდებარედ ხორციელდება.
„ეს არის საცხოვრებელ კორპუსებს შორის არსებული სივრცე. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ადგილობრივებს მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის, რადგან 40 უსახური ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა, რომელიც ძალიან დიდ ფართს იკავებდა", - განაცხადა კალაძემ.
მერიის ცნობით, ტერიტორიაზე ბავშვებისთვის განთავსდება ატრაქციონები, მოეწყობა სასეირნო ბილიკები, ასევე განთავსდება ტრენაჟორები, რისთვისაც ცალკე სივრცე გამოიყოფა. დაიხაზება საპარკინგე ადგილებიც.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას გავაგრძელებთ, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას დასვენებისა და განტვირთვის შესაძლებლობა ექნება", - აღნიშნა თბილისის მერმა
ამ ეტაპზე მონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ტერიტორია გამწვანდება და განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.
სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 2 მლნ ლარია გამოყოფილი.