თბილისი, 13 მარტი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანის სასამართლო პროცესი გაიმართა.
26 წლის ბექა ჯაიანი 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობის საქმეზე ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. მას ბრალი გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით აქვს წარდგრნილი და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 16-დან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
საქმის პროკურორის გრიგოლ ნიშნიანიძის განცხადებით, კესარია აბრამიძე რომ განსაკუთრებული სისასტიკით არის მოკლული, ამას სხვა მტკიცებულებებთან ერთად ჭრილობების რაოდენობაც მოწმობს - 28 დაზიანება, რომელიც მას სხეულის თითქმის ყველა ნაწილზე ჰქონდა.
მან სასამართლოს სხდომათა დარბაზში დიდ მონიტორზე აჩვენა მკვლელობის იარაღი - დანა და შემთხვევის ადგილი.
პროკურორმა სასამარლოზე ასევე წარმოადგინა მოწმეთა ჩვენებებიც, რომელთა უმეტესობაც ჯაიანის მხრიდან აბრამიძის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე საუბრობენ.
მოწმეთა ჩვენებეის მიხედვით, „ბექა ჯაიანი აბრამიძეს უწოდებდა „ბუნების შეცდომას", მახინჯს, სცემდა, ახრჩობდა, უმოწმებდა ტელეფონს, უკონტროლებდა ჩაცმის სტილს და თუ რამე არ მოსწონდა, სცემდა“.
„იშვიათად გამოდიოდა სახლიდან, რისი მიზეზიც ბექა ჯაიანი იყო. ბექა მას ამცირებდა, ეუბნებოდა რომ მამაკაცი იყო და ამის გამო სცემდა, თითქმის ყოველდღიურად სცემდა, დალურჯებული სხეული მაჩვენა, რისი მიზეზიც ტელეფონზე შესული შეტყობინება იყო, რისი ჩვენებაც ჯაიანმა სთხოვა, უარის შემდეგ კი ის სცემა", - განაცხადა მოწმემ სასამართლოზე.
სასამართლოზე გამოიკვლიეს ჯაიანსა და აბრამიძეს შორის არსებულ სატელეფონო მიმოწერებიც. ერთ-ერთ ჩანაწერში კესარია აბრამიძე ჯაიანას ეუბნება, რომ მისი საცხოვრებელი სახლი დატოვოს, რადგან „კასტეტით" ცემა.
ბრალდების მხარის კიდევ ერთმა მოწმემ სასამართლოს მისცა ჩვენება, რომ მან მკვლელობის დროს კესარია აბრამიძის ყვირილი გაიგო - „ნუ მირტყამ, არ დამარტყაო“. შემდეგ კი, დაინახა როგორ ჩარბოდა კიბეებზე ბექა ჯაიანი.
დღევანდელ პროცესს თვითონ ჯაიანი არ დაესწრო, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოგზავნილი ოქმი წაიკითხა, რომლის მიხედვითაც, ბრალდებული სხდომაზე დასწრებაზე უარს აცხადებდა.
გამოძების ფარული ჩანაწერი
სასამართლოზე გამოიკვლიეს ასევე ბრალდებულთან განხორციელებული ფარული ჩანაწერიც.
საგამოძიებო უწყებამ ბექა ჯაიანი დაკავების შემდეგ ფარულად ჩაწერა სადაც ის მკვლელობას აღიარებს და დეტალურად ჰყვება ტრანსგენდერი ქალისა და მისი ურთიერთობის შესახებ.
ამავე ჩვენების მიხედვით დგინდება, რომ ჯაიანმა კესარია აბრამიძე ოჯახის წევრებს, როგორც ეკა, ასე გააცნო. ჯაიანის თქმითვე, ეჭვიანობა ხდებოდა როგორც მისი, ასევე კესარიას მხრიდან.
„ყველასთან ვცდილობდი კარგად დამეხასიათებინა, სანამ ჩემს მიმართ ასეთი გულით იყო... პირველად იმიტომ აირია [ურთიერთობა], გერმანიიდან რომ ჩამოვედი, უსამსახუროდ ვიყავი, როცა ფული გამომელია, კონფლიქტი მოხდა. რომ დავშორდი გაბოროტდა... ზონდერიაო, სხვას დაადებინა ფოტო... მერე შევრიგდით", - აცხადებს ჯაიანი ჩვენებაში.
ამასთან, გამომძიებლის კითხვაზე, თუ რა ვითარებაში მიიღო კესარია აბრამიძემ ტვინის შერყევა, ჯაიანი პასუხობს, რომ ეს "ჭიდაობის დროს, თავისით მოხდა".
„დამირტყამს, მაგრამ მაგ დროს ვჭიდაობდით, შემომარტყა და წონასწორობა ვერ დაიცვა, გადავარდა. თავისით დაეცა, მე მივიყვანე [საავადმყოფოში], მე წამოვიყვანე, ჩემიდან გამომდინარე არ მომხდარა... ერთი კვირა დაშორებულები ვიყავით, მაღიარეო, მითხრა. ვუთხარი დავიშალოთ, მაინც საქართველოა, ამას ვერ გავაკეთებ-მეთქი. მეორე დღიდან დაიწყო ისეთი ვიდეოების დადება, რომელიც მამაკაცს გააღიზიანებდა...", - ამბობს ჯაიანი თავის ჩვენებაში.
რაც შეეხება უშუალოდ მკვლელობის დღეს, ჯაიანი ჩანაწერში იმ დღეს დეტალურად იხსენებს.
„აფთიაქში შევედი, წნევის დამწევები ვიყიდე, მეც რომ დამელია, გამბედაობა არ მეყო, რომ გადმოვმხტარიყავი... ცივად შევედი, ლაპარაკი დავუწყე, რომ შევხედე, ცრემლები წამომივიდა. რატომ იქცევი ასე-მეთქი, ვკითხე...დავარტყი. დანა ვიყიდე ჩემი სამსახურის წინ, მიცკევიჩზე", - ყვება ჯაიანი ჩვენებაში.
გამომძიებლის კითხვაზე, თუ რამდენჯერ დაარტყა დანა, ის პასუხობს, რომ „აფექტში იყო და არ ახსოვს".