ინტენსიურმა თოვლმა გურიაში პრობლემები შექმნა: ჩამონგრეულია 40-მდე სახლი

საქართველოს ცალკეულ რეგიონებში რამდენიმე დღეა გადაუღებლად თოვს
Sputnik
თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. ინტენსიურმა თოვამ გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რთული ვითარება შექმნა, განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა.
დიდთოვლობის გამო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ჩამოინგრა 40-მდე საცხოვრებელი სახლი, ჩაკეტილია საავტომობილო გზები, რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულს არ მიეწოდება ელექტროენერგია.
სარიშვილის განცხადებით, დამატებითი ტექნიკა უკვე მობილიზებულია და შესაძლოა, მოსახლეობის ევაკუაცია გახდეს საჭირო.
„კვლავ გადაუღებლად თოვს. ელექტროენერგია არ მიეწოდება რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულს, მათ შორის: ჩოჩხათის, ღრმაღელისა და აცანას ადმინისტრაციულ ერთეულებს. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უკვე გამოვიყვანეთ - ნაწილი სასტუმროებში, ნაწილი კი ნათესავებთან მოვათავსეთ. დაშავებულებზე ჯერჯერობით ინფორმაცია არ გვაქვს“, - აღნიშნა მერმა.
დიდთოვლობას ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მსხვერპლი მოჰყვა - სოფელ კონჭკათში 60 წლამდე მამაკაცი მეზობელს სახლის დათოვლილი სახურავის გაწმენდაში ეხმარებოდა, რა დროსაც სახურავი ჩაინგრა და მამაკაცს.ე.წ. სინკარი დაეცა - იგი ადგილზევე გარდაიცვალა.
ხუთდღიანმა თოვამ საქართველოს სხვა რეგიონებიც - აჭარა, სამეგრელო, იმერეთი დააზარალა - ჩახერგილია ცენტრალური და შიდა სასოფლო გზები, შეფერხებულია ენერგო და გაზმომარაგება. დროებით დაიხურა ბათუმის აეროპორტი.