დითოვლობის გამო აჭარის სკოლებში სასწავლო პროცესი გადაიდო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მთელი საქართველოს მასშტაბით თოვლიანი ამინდი თვის ბოლომდე შენარჩუნდება.
Sputnik
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. დღეს, 24 თებერვალს სკოლებში სასწავლო პროცესი აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში – ბათუმში, ქობულეთში, ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში - გადაიდო, იუწყება გამოცემა „ბათუმელები".
სასწავლო პროცესის გადადების მიზეზი დიდთოვლობაა - აჭარის ტერიტორიაზე მესამე დღეა თოვს.
აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლები უზრუნველყოფენ გაცდენილი საათების ანაზღაურებას, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
„რეგიონში არსებული უამინდობისა და მოსალოდნელი გაუარესების გათვალისწინებით, სკოლის მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, 24 თებერვალს სასწავლო პროცესის შეჩერების თაობაზე. სკოლები უზრუნველყოფენ გაცდენილი საათების ანაზღაურებას, კანონმდებლობით დადგენილი წესით", - განაცხადეს სამინისტროში.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით:
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 1,50 სმ აღწევს, ხოლო დაბალ ზონაში 50-60 სმ-ია.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 1 მეტრს აღწევს, ხოლო დაბალ ზონაში 30-40 სმ-ია.
ქედის მუნიციპალიტეტში მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი 1 მეტრს აღწევს, ხოლო დაბალ ზონაში 50-60 სმ-ია.
შუახევის მუნიციპალიტეტში მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი 1 მეტრს აღწევს, ხოლო დაბალ ზონაში 50 სმ-ია.
ხულოს მუნიციპალიტეტში მაღალი ზონის სოფლებში 70-80 სმ-ს აღწევს, ხოლო დაბაში 40 სანტიმეტრია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი აგრძელებს ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრებთან მისასვლელი საავტომობილო გზების თოვლის საფარისაგან გაწმენდას უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მთელი საქართველოს მასშტაბით თოვლიანი ამინდი თვის ბოლომდე შენარჩუნდება. ყინვა, თოვლი და ქარბუქი ნავარაუდევია როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე.