„თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. პირველი შემთხვევა არ არის, როცა „მაკკეინის ინსტიტუტისა“ და ლორა ტორნტონის მიერ კეთდება ანტიქართული და ჩვენი სახელმწიფოს საწინააღმდეგო განცხადებები, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა.
„მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორმა, საქართველოში NDI-ს ოფისის ყოფილმა ხელმძღვანელმა ლორა ტორნტონმა საკუთარ წერილში „როგორ შეიძლება დემონსტრანტებმა გაიმარჯვონ" აქციის მონაწილეებს მოუწოდა საყოველთაო დაუმორჩილებლობისა და გაფიცვის ეტაპზე გადავიდნენ, რაც გამოიწვევს ეკონომიკის პარალიზებას და მნიშვნელოვნად გააძლიერებს ზეწოლას „ქართულ ოცნებაზე“.
მათიკაშვილის თქმით, ტორნტონის მოწოდებები მტრულია, რადგანაც „ქვეყანას უსურვებს ეკონომიკურ კრიზისს და მოისაკლისებს, რომ სისხლი არ დაიღვარა კონკრეტული პროტესტების დროს და არ იყო გვამები“.
„როდესაც ამ (ლორა ტორნტონის - რედ.) ქალბატონის და ამ ინსტიტუტის სხვა წარმომადგენლების, მათ შორის, ექს-პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები არის სახელმწიფოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ, ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად გამიზნული, აქედან ერთადერთი დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ - ეს ადამიანები, პირდაპირი მნიშვნელობოთ, მტრულად არიან განწყობილი ჩვენი ქვეყნისადმი“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
დეპუტატის თქმით, საქართველოს ხელისუფლებისადმი რადიკალურად განწყობილი პირები წარმოადგენენ ერთ მთლიან მოცემულობას და „გლობალური ომის პარტიის" შემადგენელ ნაწილს – „დიფ სთეითს“ (Deep state), რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვაშინგტონში ებრძვის.
„საქართველოში „დიფ სთეითმა“ ვერ გაიმარჯვა. ჩვენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილმა ძალებმა ვერ შეძლეს, საქართველოში პოლიტიკური ვითარება ამოეტრიალებინათ. ამიტომაც ისინი მზად არიან, ყველაფერზე წავიდნენ“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
მანამდე ტორნტონმა სოციალურ ქსელ X-ზე თბილისში გამართული აქციის ვიდეოკადრები გააზიარა და დაწერა, რომ „ქართული ოცნების" დღეები დათვლილია. არავინ არ დგას თქვენს მხარეს, აღნიშნა ტორნტონმა. მმართველმა პარტიამ მისი განცხადება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად შეაფასა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ლორა ტორნტონს არასერიოზული ადამიანი უწოდა. რაც შეეხება „მაკკეინის ინსტიტუტს", პრემიერის თქმით, ეს არის „დიფ სთეითის“ (Deep state) პირდაპირი გამოვლინება.
მმართველ პარტიაში Deep state-ს ასევე უწოდებენ „გლობალური ომის პარტიას“ - „გლობალური ომის პარტიის" ქვეშ საქართველოს ხელისუფლება გულისხმობს გარკვეულ ძალებს უცხოეთში, რომლებსაც ამერიკისა და ევროკავშირის პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე პრინციპული გავლენა აქვს. დასავლეთში ამ მტკიცებას შეთქმულების თეორიას უწოდებენ.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს ადამიანები ვერ ეგუებიან იმას, რომ ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ვერ დააბრუნეს.
ხელისუფლება „რადიკალურ ოპოზიციასა“ და „კოლექტიური ნაციონალურ მოძრაობაში“ გულისხმობს ქვეყნის ყოფილ მმართველ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, მის სატელიტ და მემკვიდრე-პარტიებს.
ყველა ეს პარტია პარლამენტში 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად შევიდა, თუმცა უარი განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების" გამარჯვების აღიარებასა და ახალი მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში მუშაობაზე.
2024 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში „მაკკეინის ინსტიტუტის" მისიამ საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საკუთარი შეფასება გამოაქვეყნა და ხელისუფლება აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობაში დაადანაშაულა.
დოკუმენტში პირდაპირ ნათქვამია: „სასწაულია, რომ ჯერ არავინ მოუკლავთ, მაგრამ მთავრობის "„ბანდიტების" ხელით თუ სიკვდილი მოხდება, პოლიტიკური გარემო უფრო არასტაბილური გახდება".
აქციები თბილისში
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. თუმცა ხელისუფლება ყოველდღიურად განმარტავს, რომ ეს არ ნიშნავს ევროინტეგრაციის შეჩერებას, მიუხედავად ამისა პროტესტის ტალღა არ წყდება.
4 დეკემბრამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობას და პოლიციას პიროტექნიკას, ქვებს და „მოლოტოვის კოქტეილებს" ესროდნენ, რასაც აქციის მონაწილეთა დაკავებები მოჰყვა. შედეგად, დემონსტრანტებმა ასევე მოითხოვეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვა და აქციის დროს დაკავებულთა გათავისუფლება.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა მოთხოვნების შესრულებაზე და საპასუხოდ გადაწყვიტა საპროტესტო აქციების გამართვის წესების გამკაცრება, რომელთა შორისაა სტრატეგიული ობიექტების მიზანმიმართული პიკეტირების აკრძალვა, საავტომობილო გზების უსაფუძვლო გადაკეტვა და ამ წესების დარღვევისთვის ჯარიმებისა და პატიმრობის ვადის გაზრდა.
ხელისუფლებამ აქციის მონაწილეები ქვეყნის სახელმწიფოებრიობის შელახვის მცდელობასა და გარე ძალების ფინანსური და ლოგისტიკური მხარდაჭერით ე.წ. „ევრომაიდნის" რევოლუციური სცენარის გამეორებაში დაადანაშაულა.
„ქართული ოცნების“ ოპონენტები პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციას ყოველ საღამოს მართავენ და გზას კეტავენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათი პროტესტი გაგრძელდებვა იმ დრომდე, ვიდრე ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს.