თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა კანონში ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც 2025 წლის 1-ელი აპრილიდან საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაცია განხორციელდება.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონში ცვლილებების კანონპროექტი 81 ხმით მიიღეს - საკანონმდებლო ინიციატივა პლენარულ სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარადგინა.
კანონის ამოქმედების შემდეგ საჯარო ბიუროს ფუნქციები და უფლებამოსილებები მთავრობის ადმინისტრაციას გადაეცემა, რომელიც ჩაითვლება ბიუროს უფლებამონაცვლედ საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.
როგორც ბაჩიაშვილმა განაცხადა, ბიუროს, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით ფუნქციონირება, საჭირო აღარ არის.
„ეს უკავშირდება როგორც ხარჯების ოპტიმიზაციას, ასევე თვითონ მნიშვნელოვან პროცესს, რაც გულისხმობს საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციას და მის უშუალოდ წარმართვას მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან", - განაცხადა ბაჩიაშვილმა.
როგორც მან განმარტა, ბიუროს ლიკვიდაციის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც კანონმდებლობაში შესული ცვლილებების შესაბამისად, საჯარო სამსახურის ბიუროს ჩამოერთვა ცალკეული ფუნქციები, მათ შორის, თანამდებობის პირების დეკლარირების ფუნქცია, რომელიც ანტიკორუფციული ბიუროს გადაეცა.
ბიუროს ლიკვიდაციის მიზნით, მთავრობამ სალიკვიდაციო კომისია კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში უნდა შექმნას. ლიკვიდაციის შედეგად ბიუროდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს მიეცემათ კომპენსაცია - 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
საჯარო სამსახურის ბიურო 2004 წლის ოქტომბერში შეიქმნა. მისი საქმიანობა დაკავშირებულია საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებასთან, რომელიც მიზნად ისახავს პროცესის ორგანიზებას ევროკავშირის ღირებულებებისა და საჯარო მმართველობის პრინციპების შესაბამისად.