თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. 2024 წელს უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმადე შემცირდა და დასაქმებულთა რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.
კერძოდ, 2024 წელს უმუშევრობის დონემ 13,9% შეადგინა. რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, ეს მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 68 ათასით გაიზარდა და 1,402 მლნ შეადგინა.
ცინცაძის შეფასებით, შრომის ბაზრის ტენდენციებზე პოზიტიურად შარშან დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდა აისახა.
„ეკონომიკური ზრდის მიმართულებით საქართველო, გლობალურად, ერთ-ერთი ლიდერია. 2024 წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 9,5% შეადგინა, რაც თავისთავად აისახა შრომის ბაზრის მიმართულებით პოზიტიურ ტენდენციებზე - გასული წლის მონაცემებით, რეკორდულად მაღალია დასაქმებულთა რაოდენობა, უმუშევრობა კი ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული", - აღნიშნა ცინცაძემ.
მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა ფიქსირდება როგორც თვითდასაქმებულთა, ისე დაქირავებით დასაქმებულთა ჯგუფებში.
„შრომის ბაზარს რომ შევხედოთ, სამუშაო ძალის ზრდის პარალელურად ხდება დასაქმების ზრდა, რაც შრომის ბაზარზე ჯანსაღ ტენდენციებზე და ზოგადად, შრომის ბაზრის სტრუქტურულ გაუმჯობესებაზე მიანიშნებს", - აღნიშნა ცინცაძემ.
„საქსტატის" ცნობით, 2024 წლის მეოთხე კვარტალში სამუშაო ძალის რაოდენობა საქართველოში 1 646,4 ათასს ადამიანს შეადგენდა. აქედან 1 412,5 ათასი ადამიანი დასაქმებული იყო , ხოლო 233,9 ათასი - უმუშევარი.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მოლოდინია, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წელსაც შენარჩუნდება.
„ჩვენი მოლოდინია, რომ 2025 წელს შევინარჩუნებთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპს, რაც, რა თქმა უნდა, საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო გაჯანსაღდეს შრომის ბაზარი, გაიზარდოს დასაქმებულთა ოდენობა, შემცირდეს უმუშევრობის მაჩვენებლები და ასევე გაიზარდოს დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება, ქვეყანაში შეიქმნას უფრო მეტი დოვლათი და ყოველივე ამან ხელი შეუწყოს მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის გაუმჯობესებას", - განაცხადა ცინცაძემ.
„საქსტატის" ინფორმაციით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2025 წლის იანვარში 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39,2%-ით გაიზარდა და 2 მლრდ დოლარი შეადგინა, საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 1,6 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 45,4%-ით მეტი. ექსპორტმა 403,8 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის იანვართან შედარებით 19,3%-ით მეტია.