თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ სისხლის სამართლის კოდექსში „სამშობლო ღალატის“ მცნების დაბრუნება 2007 წლამდე არსებული რედაქციით გადაწყვიტა და მხოლოდ მუხლის სათაური შეცვალა, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" სისხლის სამართლის კოდექსში სახელმწიფოს ღალატის მუხლის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
„საუბარია სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე. ამ მუხლით ერთგვარი დეკლარირება გაკეთდება, რომ ამა და ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული ჩაითვლება სამშობლოს ღალატად“, - განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, როგორც ადრე, „ღალატის“ შესახებ კანონში ჩამოთვლილია სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მუხლები. შეიცვლება მხოლოდ სათაური: „ღალატის“ ნაცვლად კანონს დაერქმევა „სამშობლოს ღალატი“.
2007 წლის აპრილამდე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში „სახელმწიფო ღალატის“ შესახებ ცალკე მუხლი არსებობდა. საქართველოს მოქალაქის მიერ სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი ნებისმიერი დანაშაული სახელმწიფოს ღალატად ითვლებოდა. სახელმწიფო ღალატისთვის ცალკე სასჯელი არ არსებობდა.
სასჯელის ვადა განისაზღვრებოდა სსკ-ის კონკრეტული მუხლით, განაჩენის გამოტანისას კი მუხლი უბრალოდ ემატებოდა ბრალდებების ჩამონათვალს.
სახელმწიფო ღალატის შესახებ მუხლის ამოღების მიზეზად დასახელდა ის, რომ მუხლი წარმოადგენს დეკლარატიულ ნორმას და არანაირ იურიდიულ ძალას არ ატარებს და ასევე ის, რომ მსგავსი მუხლი არ არსებობს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების საერთაშორისო კანონმდებლობაში.
დანაშაულები სახელმწიფოს წინააღმდეგ
საქართველოში სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულად ითვლება: საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა, არაკონსტიტუციური შეთანხმებების დადება ან არაკონსტიტუციური მოლაპარაკებების წარმოება, საქართველოს საგარეო უსაფრთხოების ხელყოფა, უცხოურ სადაზვერვო სამსახურში შესვლა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა.
მსგავსი დანაშაულების ჩამონათვალში შედის: სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნება, ჯაშუშობა, შეთქმულება ან აჯანყება საქართველოს კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი შეცვლის მიზნით, სამხედრო ხელმძღვანელობის უკანონო ხელში ჩაგდება ან კანონიერი ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა, კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი შეცვლის ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებები და საბოტაჟი.
ჩამონათვალშია ასევე უცხო სახელმწიფოს, უცხოური ორგანიზაციის ან უცხო სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ორგანიზაციის დახმარება მტრულ საქმიანობაში, სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებაში და სახელმწიფო საიდუმლოების შენახვის პროცედურის დარღვევაში.
გარდა ამისა, სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებად ასევე აღიქმება საქართველოს კონსტიტუციური წესრიგისა და ეროვნული უსაფრთხოების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობა ან მსგავსი ქმედებების სხვა სახის მატერიალური მხარდაჭერა.