თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ოპოზიციური ინტერნეტ-გამოცემა Netgazeti-სა და Batumelebi-ის დამფუძნებელისა და დირექტორ მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატთა საჩივარი წარმოებაში კვლავ არ მიიღო.
მზია ამაღლობელი 11 იანვრის საღამოს ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან საპროტესტო აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში ის ხელწერილის საფუძველზე სამ პირთან ერთად გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა, რის შემდეგაც იგი ხელმეორედ დააკავეს. დაკავების პროტესტის ნიშნად ამაღლობელმა შიმშილობა დაიწყო. მან 38-დღიანი შიმშილობა გუშინ, 18 თებერვალს შეწყვიტა.
ამაღლობელს ბრალი სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს, დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
21 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ოპოზიციური ინტერნეტ-გამოცემების დამფუძნებლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შესახებ შესული საჩივარი დაუშვებლად ცნო.
ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე 14 თებერვალს უარი თქვა ბათუმის საქალაქო სასამართლომ. დღეს ჟურნალისტის ადვოკატებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრეს.
„ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ ვერა დოლიძემ დაუშვებლად ცნო დაცვის მხარის შუამდგომლობა. ეს არის კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილება. არ არსებობდა არცერთი რეალური გარემოება თუ მტკიცებულება, რომელიც პატიმრობის აუცილებლობას დაამტკიცებდა“, – განაცხადა ამაღლობელის ადვოკატმა ჯუბა ქათამაძემ.
ამაღლობელი გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში" გამოკვლევებისთვის 4 თებერვალს გადაიყვანეს. ის ამ დროისთვის კვლავ კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება და მკურნალობას აგრძელებს.
ამაღლობელის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში პერმანენტული საპროტესტო აქციები იმართებოდა.