თბილისი, 17 თებერვალი - Sputnik. საქართველომ ამ ოლიმპიადით თამასა ისე მაღლა ასწია, რომ რუმინეთისთვის რთული იქნება ფესტივალის ასე კარგად ჩატარება. ამის შესახებ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა, სპიროს კაპრალოსმა „ბაკურიანი 2025“-ის შეჯამებისას განაცხადა.
ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელსაც ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს სათხილამურო კურორტი ბაკურიანი, ასევე თბილისი და ბათუმი მასპინძლობდა, 16 თებერვალს დასრულდა. დახურვის ოფიციალურ ცერემონიაზე დროშა მომავალ მასპინძელ ქვეყანას, რუმინეთს გადაეცა.
„თქვენ ამ ოლიმპიადით თამასა ისე მაღლა ასწიეთ, რომ რუმინეთისთვის რთული იქნება ფესტივალის ასე კარგად ჩატარება!”, - განაცხადა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა.
კაპრალოსმა ოლიმპიადის შეფასებისას ფესტივალის წარმატებულად ჩატარებაში ორგანიზატორების როლი ხაზგასმით აღნიშნა.
„ძალიან ბედნიერები და იღბლიანები ვართ, რომ გვყავს მამუკა ხაბარელი და სხვა ორგანიზატორები; მოხალისეები, ვინც ფესტივალის ყველა მონაწილის ცხოვრება გაალამაზა. ჩვენ საქართველოში გავატარეთ მთელი კვირა, 7 შთამბეჭდავი დღე და ბედნიერები ვართ - ჩვენ, დელეგაციები, რომ ასეთი ფანტასტიკური შეჯიბრება ჩატარდა. სრულყოფილი პირობები იყო შექმნილი“, – განაცხადა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა.
ოლიმპიური ფესტივალი 9-დან 16 თებერვლამდე გაიმართა ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმში. საქართველოში ევროპის 48 ქვეყნიდან ათასამდე სპორტსმენი ჩამოვიდა. შეჯიბრებები ჩატარდა რვა დისციპლინაში: სამთო-სათხილამურო სპორტი, ბიატლონი, თხილამურებით რბოლა, ფრისტაილი, სნოუბორდი, ჰოკეი, ფიგურული სრიალი და შორტ-ტრეკი.
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალებში ასპარეზობამ საქართველოს მოუტანა ჯამში ოთხი მედალი, ოთხივე მოციგურავეებმა მოიპოვეს. პირველი მედალი (ვერცხლი) ვახტანგ მურვანიძემ შვედეთში 1997 წელს მოიპოვა. ნიკა ეგაძემ 2017 წელს ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, 2023 წელს კი ვერცხლი კონსტანტინე სუპატაშვილმა.
2015 წელს საქართველომ პირველად უმასპინძლა ევროპის XIII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს „თბილისი 2015“. 27 ივლისიდან 1 აგვისტომდე გაიმართა შეჯიბრებები საზაფხულო სპორტის ცხრა სახეობაში. ფესტივალში 50 ქვეყნიდან ოთხი ათასამდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი შეიქმნა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციის მიერ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით. ეს არის რეგიონული საერთაშორისო კომპლექსური სპორტული შეჯიბრი EOC ასოციაციის წევრი 50 ქვეყნის ახალგაზრდა სპორტსმენებს შორის. ფესტივალი, როგორც ზაფხულში, ისე ზამთარში, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება.