თბილისი, 17 თებერვალი - Sputnik. ქართველი მსახიობი ბერტა ხაფავა 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ბერტა ხაფავა 1960 წლიდან მოღვაწეობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში სცენის თანამშრომლად. 1966 წლიდან იყო გორის თეატრის მსახიობი. 1969 წლიდან თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის დასში გადავიდა.
ხაფავას მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: კატა (ე. შვარცის „წითელქუდა“), ქეთინო (ალ. თაბორიძის „დაკარგული დრო“), ბარბარე (ლ. ქიაჩელის „ტარიელ გოლუა“), ილია (ვ. იაქაშვილის „ციხის ხევის საიდუმლო“), თხა (გ. ახვლედიანის „ბაბუა და შვილიშვილი“), კოწია (ა. ჭილაშვილის „აცა-ბაცა“), ტურა (გ. ნახუცრიშვილის „ჭინჭრაქა“), რიტა ოსიანინა (ა. ვასილიევის „განთიადი კი აქ წყნარი იცის“), მერი პოპინსი (პ. ტრავერსი „მერი პოპინსი“) და სხვ.
გადაღებულია მხატვრულ ფილმებში: „ნატვრის ხე“ (1976), „სამანიშვილის დედინაცვალი“ (1977), „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (1978), „სიყვარული ყველას უნდა“ (1980), „არაჩვეულებრივი რეისი“ (1982), „ზოგი ჭირი მარგებელია“ (1984), „ბებია ყველასათვის“ (1986), „ფესვები“ (1987), „ორფეოსის სიკვდილი“ (1996), „სიყვარული და კარტოფილი“ (2003), „დარჩი ჩემთან“ (2011), „გრძელი ნათელი დღეები“ (2013) და სხვა.
2013 წლის 18 მაისს მოზარდ მაყურებელთა თეატრის წინ მსახიობის ვარსკვლავი გაიხსნა.