ივანიშვილი კიდევ უფრო გამდიდრდა - მილიარდერის ქონება Bloomberg-ის ვერსიით

ბიძინა ივანიშვილი მსოფლიო მილიარდერების სიაში 399-ე ადგილზეა.
Sputnik
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. ვერსიით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ქონებამ რეკორდულ 7,8 მილიარდ დოლარს მიაღწია, განახლებულ მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი აქვეყნებს.
ეკონომიკური გამოცემის ცნობით, 2025 წლის დასაწყისიდან მილიარდერის ქონება 300 მლნ დოლარით გაიზარდა. სიაში მსოფლიოს 500 მილიარდერია შეყვანილი, ბიძინა ივანიშვილი 399-ე ადგილს იკავებს.
ბიძინა ივანიშვილმა ქონება 1990-იან წლებში რუსეთში დააგროვა, შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და წლების განმავლობაში საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდა. 2011 წელს ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკაში მოსვლას გეგმავდა და დააფუძნა საკუთარი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, რომელიც ოთხ პარტიასთან ერთად კოალიციაში 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდა, რითიც საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანი მმართველობა დაასრულა.
საპარლამენტო არჩევნებზე კოალიციის გამარჯვების შემდეგ ერთ წელიწადში ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა. თუმცა 2018 წლის მაისში ის დაბრუნდა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა. 2021 წელს ის კვლავ წავიდა პოლიტიკიდან, სამუდამოდ, როგორც მან განაცხადა. მაშინ მან აღნიშნა, რომ აქტივების დიდ ნაწილს საქველმოქმედო ფონდს გადასცემს.
ივანიშვილი 2023 წლის 30 დეკემბერს კვლავ დაბრუნდა პოლიტიკაში - იგი მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზად „ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვა“ დაასახელა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ოპოზიციის არარსებობის“ პირობებში „ჩნდება ცდუნება, გუნდის შიგნით გამოიგონონ დაპირისპირება“ და იზრდება კორუფციის რისკები. ამასთან დაკავშირებით იგი აპირებს იყოს პარტიის მთავარი მრჩეველი და შეასრულოს სიმძიმის ცენტრის მისია.