თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც ორი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ტრაგედია გვიან ღამით ფრიდონ ხალვაშის გამზირის #188-ის მიმდებარედ , „ოცნების ქალაქში” დატრიალდა. 5 და 7 წლის ბავშვები წყლით სავსე თხრილში ჩავარდნენ და ამოსვლა ვერ მოახერხეს. არასრულწლოვნები კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„ამ დროს განსაკუთრებით რთულია სიტყვების პოვნა ოჯახების სანუგეშოდ, ვინაიდან ენით აღუწერელია ტკივილი, რასაც ისინი განიცდიან. მთელი გულით ვუსამძიმრებთ და გულწრფელ თანადგომას ვუცხადებთ უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული პატარების ოჯახებს, ახლობლებს, მთლიანად აჭარის რეგიონს და ამ დიდი ტრაგედიით შეძრულ ჩვენს საზოგადოებას”, - ნათქვამია ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილების წერილში, რომელსაც მმართველი პარტია ავრცელებს.
ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ტერიტორიაზე, სადაც ორი მოზარდი დაიღუპა, უსაფრთხოების ზომები არ იყო დაცული. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი თავდგირიძე კი ირწმუნებოდა, რომ ბინების მშენებლობა ტერიტორიაზე ჯერ არ მიმდინარეობდა.
იმავეს აცხადებდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ჯაბა ფუტკარაძეც, მისი თქმით, ადგილზე სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, მშენებლობა ჯერჯერობით არ არის დაწყებული, მხოლოდ და მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოებია.
ბათუმში ორი არასრულწლოვანის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
„ოცნების ქალაქი" ბათუმის გარეუბანში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, 2012 წელს გაჩნდა. იქ მეწყერის შედეგად დაზარალებული მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობა ცხოვრობს.
„ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე ადამიანები უმძიმეს პირობებში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. 2019 წლის თებერვალში გადაწყდა ამ ადგილზე საცხოვრებელი კომპლექსის აშენება და მოსახლეობის ღირსეული საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა.
საცხოვრებელი კომპლექსის მასშტაბური სოციალური პროექტი აჭარის ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 38,7 მლნ ლარს შეადგენს. ამ დროისთვის რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი აშენებულია, ამ ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე კორპუსის, სკოლის, საბავშვო ბაღის და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების აშენება იგეგმება.