თბილისი, 14 თებერვალი - Sputnik. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა 2024 წლის 19 მაისს სენაკში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, წარსულში არსებული დაპირისპირების გამო, დანით შეიარაღებულმა ბრალდებულმა 25 წლის მამაკაცს ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა შემთხვევის ადგილზე მყოფ სხვა პირებზე იძალადა და მათ მოკვლას ცდილობდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 19, 109-ე (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა), 225-ე (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) და 238 პრიმა (მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება) მუხლებით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
წყარო - პროკურატურა