საქართველოს და უნგრეთის პრემიერები დუბაიში შეხვდნენ - რაზე განიხილეს მხარეებმა

საქართველოს და უნგრეთის პრემიერები შეთანხმდნენ, რომ ბუდაპეშტში საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტი გაიმართება
Sputnik
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. საქართველო თანამშრომლობის გაღრმავებისა და საერთო ინტერესების სფეროებში პარტნიორობის ახალი შესაძლებლობების გამოვლენის ერთგულია, დაწერა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელ Х-ში.
პრემიერის თქმით, დუბაიში ვიზიტის ფარგლებში ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან. საუბარი მოიცავდა საქართველო-უნგრეთის ორმხრივი ურთიერთობის დადებითი დინამიკის ამსახველ ძირითად საკითხებს.
„საქართველო მტკიცედ თანამშრომლობის გაღრმავებისა და საერთო ინტერესების სფეროებში პარტნიორობის ახალი შესაძლებლობების გამოვლენის ერთგულია”, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
ბუდაპეშტში საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტი გაიმართება, რაც ქვეყნებს შორის პარტნიორობას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს, აღნიშნა პრემიერმა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა პირველმა მიულოცა მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება და იყო პირველი სახელმწიფო ლიდერი, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 2024 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებიდან მესამე დღეს ჩამოვიდა.
იანვრის ბოლოს კი შედგა უნგრეთში ქართული დელეგაციის ვიზიტი, რომელიც გახდა მე-11 მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს პირველი ოფიციალური ვიზიტი. ამ პარლამენტის ლეგიტიმურობას არც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, არც ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი არ აღიარებენ. ისინი ხელისუფლებას საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.
მნიშვნელოვანი თანამშრომლობა
საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 14 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.
შეთანხმებას, რომლის თანახმად შავი ზღვის ფსკერზე გაყვანილმა ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი რუმინეთთან უნდა დააკავშიროს, საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა 2022 წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი.
ბოლო ორი წლის განმავლობაში უნგრეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა შესამჩნევად დათბა. ორივე ქვეყნის ხელისუფლებამ მათ არაერთხელ უწოდა „მჭიდრო, მეგობრული და პარტნიორული“.
განსაკუთრებით აღინიშნა უნგრეთის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოსა და მისი ხელისუფლების ევროპული ინტეგრაციის პროცესისადმი. დღეს უნგრეთის ხელმძღვანელობა რჩება მმართველი პარტიის მთავარ ევროპელ მოკავშირედ.
2023 წლის ივლისში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვიქტორ ორბანს საქართველოს „ნამდვილი მეგობარი“ უწოდა.
უნგრელი და ქართველი პოლიტიკოსები ბოლო დროს საუბრობენ ისტორიისა და კულტურის მსგავსებაზე, საერთო ღირებულებებზე. ორი ქვეყნის ხელისუფლების პოზიციები ასევე ემთხვევა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის საკითხს.