თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. ევროპარლამენტის მოწოდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას დასანქცირებისკენ მოწოდება ფინანსურ ინსტიტუტზე პოლიტიკური ზეწოლის მოხდენის კლასიკური მაგალითია, განაცხადეს საქართველოს ეროვნულ ბანკში.
ეროვნული ბანკი გამოეხმაურა რეზოლუციას „საქართველოში პოლიტიკური ვითარების კიდევ უფრო გაუარესების შესახებ”, რომელიც ევროპარლამენტმა 13 თებერვალს მიიღო. დოკუმენტში არის მოწოდება მმართველი პარტია „ქართული ოცნების" ლიდერების, ქართველი ბიზნესმენებისა და მაღალჩინოსნების, მათ შორის ნათია თურნავას წინააღმდეგ სანქციების დაწესებისა და ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ.
ეროვნულ ბანკში განმარტეს, რომ ეს რეზოლუცია წმინდა სარეკომენდაციო ხასიათისაა, ისევე როგორც სხვა ამ ტიპის რეზოლუციები.
„რეზოლუციაში ევროპარლამენტის მოწოდება, რომ სანქციები დაეკისროს საქართველოს ეროვნული ბანკის მოქმედ პრეზიდენტს ნათია თურნავას, ქვეყნის დამოუკიდებელ საფინანსო რეგულატორზე პოლიტიკური ზეწოლის კლასიკურ მაგალითად მიგვაჩნია, რომლის უკან გარკვეული ადგილობრივი პოლიტიკური ძალები დგანან“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ეროვნულ ბანკში აღნიშნეს, ყველა მცდელობა, მოხდეს დამოუკიდებელ საფინანსო რეგულატორზე ზეწოლა, ასევე, სებ-ის ან საბანკო სექტორის დისკრედიტაცია, მიუღებელია და ეწინააღმდეგება საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს.
მარეგულირებელმა გამოთქვა წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული ძალები, სუბიექტური პოლიტიკური ინტერესების მიღწევის მიზნით ცდილობენ საფრთხე შეუქმნან ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და საფინანსო სექტორის სტაბილურობას.
„აღნიშნული მიზნების მისაღწევად, სამწუხაროდ, გამოიყენეს ევროპარლამენტის პლატფორმა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
მარეგულირებელმა აღნიშნა, რომ მიუხედავად არაერთი მცდელობისა, საქართველოს ეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები კვლავ სტაბილური, ინფლაცია მიზნობრივზე დაბალი, ეკონომიკური ზრდა კი ძლიერია.
„სებ-ის მონეტარულმა პოლიტიკამ არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან მაღალი შეფასება დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საფინანსო სისტემა რეგულატორის ზედამხედველობითა და ხელშეწყობით ჯანსაღი და გამჭვირვალეა. ბანკები განუხრელად იცავენ მაღალ სტანდარტებს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლისა და სანქციებთან მიმართებით“, - ნათქვამია განცხადებაში.
ეროვნულმა ბანკმა აღნიშნა, რომ პერმანენტულად დადებით შეფასებას იმსახურებს სებ-ის ძალისხმევა საფინანსო სისტემის და კანონმდებლობის ევრორეგულაციებთან დაახლოების კუთხით.
„საქართველოს ეროვნული ბანკი, როგორც დამოუკიდებელი და მდგრადი ინსტიტუტი, ქვეყნის კონსტიტუციითა და კანონებით დაკისრებული მანდატის ფარგლებში, კვლავაც გააგრძელებს ქვეყანაში ფასებისა და ფინანსურ სტაბილურობაზე მტკიცედ ზრუნვას”, - ნათქვამია განცხადებაში.
რა უნდა ევროპარლამენტს საქართველოსგან
13 თებერვალს ევროპარლამენტმა „საქართველოში პოლიტიკური ვითარების კიდევ უფრო გაუარესების შესახებ” რეზოლუცია მიიღო, რომელშიც არის მოწოდება მმართველი პარტია „ქართული ოცნების" ლიდერების წინააღმდეგ სანქციების დაწესებისა და ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 400-მა ევროპარლამენტარმა, 63-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 81-მა კი თავი შეიკავა.
ევროპარლამენტი მოუწოდებს მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკური ოპონენტების და მედიის წარმომადგენლებთან მიმართებით სასტიკი რეპრესიები.
რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოში არსებული კრიზისის ერთადერთი გამოსავალი არის ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რომელიც, ევროპარლამენტართა აზრით, უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში უნდა ჩატარდეს.
გარდა ამისა, ახალი რეზოლუციის თანახმად:
საქართველოს თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას არა აქვს ლეგიტიმაცია;
ევროპარლამენტი საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს აღიარებს;
ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს, დააწესოს სანქციები ქართველი პოლიტიკოსების წინააღმდეგ, ასევე ჩატარდეს ახალი არჩევნები, რაც საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია;
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას შეუერთდნენ საქართველოს თვითგამოცხადებული ხელისუფლების წინააღმდეგ ბოიკოტს, რომელსაც ადანაშაულებს ქვეყანაში დემოკრატიის შელახვაში.
საქართველოს შესახებ წინა რეზოლუციების მსგავსად, ევროპარლამენტარები მოითხოვენ სანქციების დაწესებას მმართველი პარტიის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, თბილისის მერ კახა კალაძის, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის და პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ.
2022 წლიდან ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ კრიტიკულ რეზოლუციებს იღებს, რომელთაგან თითოეულში არის მოწოდება 2021 წლის 29 ოქტომბრიდან პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ.
ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიიდან გადახვევაში და ოპონენტების პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებენ.