თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. ჰაერში თამბაქოს კვამლის კონცენტრაციის განსაზღვრისთვის ჩატარებულმა კვლევამ საჯარო და სამედიცინო დაწესებულებებში მისი კონცენტრაციის მაღალი დონე აჩვენა, ნათქვამია „თამბაქოს კონტროლის ალიანსის" განცხადებაში.
კვლევა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩატარდა 118 დაწესებულებაში, რომლებიც მოიცავდა: 21 საგანმანათლებლო დაწესებულებას, 15 საჯარო, 28 სამედიცინო და 54 სამასპინძლო დაწესებულებას.
ალიანსის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ კვლევის ყველა მაჩვენებელი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტების მიხედვით „კარგ“ ან „დასაშვებ“ კატეგორიებში ხვდება, საჯარო და სამედიცინო დაწესებულებებში აუცილებელია ამ კუთხით სერიოზული ზომების გატარება.
საუკეთსო შედეგები დაფიქსირდა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც მაჩვენებელი შეადგენს 7,38 მკგ/მ3 და ასევე სასტუმროებში - 10,77 მკგ/მ3.
რაც შეეხება სამედიცინო დაწესებულებებს, აქ საშუალო მაჩვენებელი 15,52 მკგ/მ3-ია, ხოლო საჯარო დაწესებულებებში – 18,72 მკგ/მ3.
„ორივე მაჩვენებელი ჯანმოს სტანდარტებით „დასაშვებ“ კატეგორიაში ხვდება, თუმცა მიუთითებს გაუმჯობესების აუცილებლობაზე", - ნათქვამია ალიანსის განცხადებაში.
2024 წლის მონიტორინგის ფარგლებში ჩატარებული კვლევა 2017 წლიდან დაწყებული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის პროგრამის გაგრძელებაა.
„შექმნილი სურათიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია გაძლიერდეს მონიტორინგი საჯარო და სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც ბოლო წლებში შეინიშნება მაჩვენებლების მცირედით ზრდა", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონი 2017 წლის მაისში დაამტკიცა. 2018 წლის 1-ელი მაისიდან საქართველოში თამბაქოს მოხმარება აკრძალულია საზოგადოებრივ ადგილებში – ბარებში, რესტორნებში, სასტუმროებში, კაფეებსა და ნებისმიერ სხვა შენობაში.
კანონის თანახმად, საქართველოში აკრძალულია სიგარეტის გაყიდვა საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან, მათ შორის უნივერსიტეტებიდან 50 მეტრის რადიუსში, მათ შორის ცალობით, საჯარო დაწესებულებებში, სავაჭრო ობიექტებში საბავშვო ტანსაცმლის, საკვების ან სათამაშოების სექციებში.